1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი ძენი დაადგინა.
- 2მის პირმშოს სახელად იოელი ერქვა, ხოლო მეორეს - აბია; ბეერ-შებაყში მსაჯულობდნენ ისინი.
- 3არ დადიოდნენ შვილები მამის კვალზე, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
- 4შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათში.
- 5უთხრეს: "აჰა, შენ მოხუცდი, შენი შვილები კი შენს გზას არ მიჰყვებიან; დაგვიდგინე მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია”.
- 6არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, რომ თქვეს: "მეფე მოგვეციო მსაჯულად!” და ილოცა სამუელმა უფლის მიმართ.
- 7უთხრა უფალმა სამუელს: "გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არა, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ!
- 8ასე იქცეოდნენ იმ დღიდან, რაც გამოვიყვანე ეგვიპტიდან, დღემდე, მივიწყებდნენ და სხვა ღმერთებს ემსახურებოდნენ, შენც ასევე გექცევიან.
- 9გაუგონე მათ, მაგრამ თან გააფრთხილე და აუხსენი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს მათზე!”
- 10და გადასცა სამუელმა უფლის ყოველი სიტყვა ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
- 11უთხრა: "ასეთი უფლებებით იმეფებს მეფე თქვენზე: წაიყვანს თქვენს ძეებს და თავის ეტლებთან და მხედრებთან დააყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
- 12დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრის მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურვლისა და ეტლების მკეთებლებად.
- 13მენელსაცხებლებად, მზარეულებად და ხაბაზებად წაიყვანს თქვენს ასულებს.
- 14საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის საუკეთესო ბაღებს წაიღებს და თავის მსახურებს გადასცემს.
- 15მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მსახურებს მისცემს.
- 16წაიყვანს საუკეთესო მონებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.
- 17წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი მონები გახდებით.
- 18შეჰღაღადებთ იმ დღეს მეფის გამო, რომელსაც ამოირჩევთ, მაგრამ არ გიპასუხებთ უფალი!”
- 19არ მოუსმინა ხალხმა სამუელს. თქვეს: "არა! მეფე უნდა გვესვას”.
- 20ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ერები არიან; მეფემ უნდა განგვსაჯოს, წინ წაგვიძღვება და ჩვენი ბრძოლებით იბრძოლებს”.
- 21მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი ყოველი სიტყვა და ელაპარაკა უფალს.
- 22უთხრა უფალმა სამუელს: "გაუგონე მათ და დაუდგინე მეფე”. და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: "დაბრუნდით თქვენ-თქვენს ქალაქებში”.
იტვირთება შემდეგი თავი