1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1მივიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, აიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, მაღლობზე და მისი შვილი, ელეაზარი განაწესეს უფლის კიდობნის მცველად.
- 2დიდმა დრომ - ოცმა წელიწადმა - განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დამკვიდრებიდან; და მოენატრა უფალი ისრაელის მთელ სახლს.
- 3ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: "თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.
- 4განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
- 5თქვა სამუელმა: "შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს”.
- 6შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: "შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.
- 7გაიგეს ფილისტიმელებმა, მიცფაში შეკრებილანო ისრაელის ძენი და გამოვიდნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ესმათ ისრაელის ძეებს და დიდად შეშინდნენ.
- 8უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: "ნუ შეწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
- 9აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა.
- 10როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.
- 11გამოვიდნენ ისრაელიანნი მიცფადან, განდევნეს ფილისტიმელნი და მუსრავდნენ მათ ბეთ-ქარამდე.
- 12აიღო სამუელმა ერთი ლოდი, დადო მიცფასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). თქვა: "ამ ადგილამდე შეგვეწია უფალი”.
- 13დამარცხდნენ ფილისტიმელნი და მეტად აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში.
- 14და დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთა მიერ წართმეული ქალაქები: ყეკრონიდან გათამდე; მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორს შორის.
- 15მთელი თავისი სიცოცხლე მსაჯულობდა სამუელი ისრაელზე.
- 16დადიოდა წლიდან წლამდე, გარს უვლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას და მთელ იმ ადგილებში მსაჯულობდა ისრაელზე.
- 17მერე რამაში ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი. იქაც განსჯიდა ისრაელს და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
იტვირთება შემდეგი თავი