1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1შვიდი თვე იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
- 2მოიხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: "რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვირჩიეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე”.
- 3უპასუხეს: "თუ ისრაელის ღმერთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვენის გარეშე ნუ გაგზავნით, შესწირეთ დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი”.
- 4თქვეს: "რა უნდა გავატანოთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად?” მიუგეს: "ოქროს ხუთი ბუგრი და ოქროს ხუთი თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთი სასჯელი გეწიათ თქვენც და თქვენს მთავრებსაც.
- 5გააკეთეთ თქვენი ბუგრებისა და იმ თაგვების გამოსახულებანი, რომლებიც გინადგურებენ ქვეყანას და ამით მიაგებთ დიდებას ისრაელის ღმერთს; იქნებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებსა და ქვეყანაზე.
- 6რატომ იქვავებთ გულებს, როგორც იქვავებდნენ ეგვიპტელები და ფარაონი? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი სასტიკად დასაჯა ისინი უფალმა?!
- 7ახლა ადექით, გააკეთეთ ერთი ახალი ურემი, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდებელი ფური, ფურები ურემში შეაბით, ხბორები კი სახლისკენ წამოიყვანეთ.
- 8აიღეთ უფლის კიდობანი და დადეთ ურემზე. ის ოქროს ნივთები, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, სკივრში ჩააწყეთ და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით და წავიდეს.
- 9შეხედეთ, თუ დაადგა გზას თავისი ქვეყნის, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მისმა ხელმა კი არ შეგვმუსრა, შემთხვევით გვეწია ეს ამბავი”.
- 10ასეც მოიქცა ხალხი: შეარჩიეს ორი მეწველი ფური და შეაბეს ურემში; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
- 11ურემზე დადეს უფლის კიდობანი და სკივრი, ოქროს თაგვებითა და ბუგრების გამოსახულებებით.
- 12არც მარჯვნივ გადაუხვევიათ ფურებს და არც მარცხნივ, პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ბღაოდნენ. უკან კი ფილისტიმელთა მთავრები მიჰყვებოდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
- 13ამ დროს, ხალხი ხორბალს მკიდა ველზე, ბეთ-შემეშში; გაიხედეს, დაინახეს კიდობანი და დიდი სიხარულით გაიხარეს.
- 14მივიდა ურემი და გაჩერდა ბეთ-შემეშელი იეშუას ყანაში. დიდი ქვა იდო იქ. დაჩეხეს ურმის ხეები, ფურები კი სრულადდასაწველად შესწირეს უფალს.
- 15გადმოიღეს ლევიანებმა უფლის კიდობანი და მის გვერდით მდგარი სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები იყო და დადეს იმ დიდ ქვაზე. ბეთ-შემეშელებმა კი სრულადდასაწველი აღუვლინეს და მსხვერპლები შესწირეს უფალს იმ დღეს.
- 16ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ფილისტიმელთა ხუთი მთავარი ყეკრონისაკენ.
- 17ესენია ის ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი ღაზასთვის, ერთი აშკელონისთვის, ერთი გათისთვის და ერთიც ყეკრონისთვის.
- 18იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვისამებრ, რომელიც ხუთ მთავარს ეკუთვნოდა გამაგრებული ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო სოფლებამდე და იმ დიდ ქვამდე, რომელზეც დადეს უფლის კიდობანი და რომელიც დღემდე ბეთ-შემეშელი იეშუას ყანაშია.
- 19მოსრა უფალმა ბეთ-შემეშში მცხოვრები ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი, რომლებმაც ჩაიხედეს უფლის კიდობანში; და გლოვობდა ხალხი, რადგან დიდი მოსვრით მოსრა უფალმა ხალხი.
- 20თქვეს ბეთ-შემეშის მცხოვრებლებმა: "ვინ შეძლებს უფლის, ამ წმიდა ღმერთის წინაშე დგომას? ვისთან წავა იგი ჩვენგან?”
- 21ამ სიტყვებით გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას: "დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთ”.
იტვირთება შემდეგი თავი