1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში გადაიტანეს.
  2. 2
    აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი, მიიტანეს დაგონის საკერპეში და დადგეს დაგონთან.
  3. 3
    დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მეორე დღეს და აჰა, ნახეს, პირქვე აგდია დაგონი უფლის კიდობნის წინაშე. აიღეს და დააბრუნეს დაგონი თავის ადგილზე.
  4. 4
    დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მომდევნო დღეს, და აჰა, ნახეს, პირქვე დაცემულა დაგონი უფლის კიდობნის წინაშე, ხოლო დაგონის თავი და ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი ეყარა ზღურბლთან; მხოლოდ ტანიღა შერჩენოდა დაგონს.
  5. 5
    ამიტომ ერიდებიან აშოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე.
  6. 6
    დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე, გვემდა და სპობდა მათ ბუგრებით, მთელ აშდოდსა და მის შემოგარენს.
  7. 7
    დაინახეს აშდოდელმა კაცებმა ყოველივე და თქვეს: "არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღმერთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე - დაგონზე”.
  8. 8
    შეუთვალეს და შეიკრიბა მათთან ფილისტიმელთა ყველა მთავარი; ჰკითხეს: "როგორ მოვექცეთ ისრაელის ღმერთის კიდობანს?” უპასუხეს: "გათში გადავიდეს ისრაელის ღმერთის კიდობანი”. და გადაიტანეს გათში.
  9. 9
    აჰა, გადაიტანეს იგი და უფლის ხელი იყო ქალაქზე და შეიქნა დიდი არეულობა; ქალაქის მკვიდრნი, დიდებიც და პატარებიც, დიდად იგვემნენ და ბუგრები გამოაჩნდათ.
  10. 10
    გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონში; როცა ყეკრონში მივიდა ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები: "ისრაელის ღვთის კიდობანი მოგვიტანეს, რათა ჩვენც ამოგვხოცონ და ჩვენი ხალხიც”.
  11. 11
    კვლავ შეიკრიბა ფილისტიმელთა ყველა მთავარი და თქვეს: "წარვგზავნოთ ისრაელის ღმერთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რათა არ მოგვსრას ჩვენ და ჩვენი ხალხი”. დიდი შიში იყო მთელ ქალაქში, რადგან ფრიად დამძიმდა იქ ღმერთის ხელი.
  12. 12
    ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრებით დაწყლულდა; და ზეცამდე მიაღწია ქალაქის მოთქმამ.
იტვირთება შემდეგი თავი