1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 21

  1. 1
    მივიდა დავითი ახიმელექ მღვდელთან ნობში. თრთოლვით გამოეგება დავითს ახიმელექი და ჰკითხა: "მარტო რატომ ხარ და არავინ გახლავს?”
  2. 2
    უთხრა დავითმა ახიმელექ მღვდელს: "საქმე დამავალა მეფემ და მითხრა, არავინ გაიგოს, რასაც გავალებ და სადაც გაგზავნიო, ამიტომაც ამა და ამ ადგილზე დავიბარე ხალხი.
  3. 3
    სახელდახელოდ თუ გაქვს რამე? მომეცი ხუთი პური ან რაც გექნება”.
  4. 4
    მიუგო მღვდელმა დავითს: "უბრალო პური ხელთ არა მაქვს, მხოლოდ წმიდა პური მაქვს; ოღონდ ქალებს ხომ არ მიჰკარებიან ჭაბუკნი?”
  5. 5
    უპასუხა დავითმა: "ქალებს არ გავკარებივართ, რაც გამოვედით, არც გუშინ, არც გუშინწინ; წმიდაა ჩემი ჭაბუკების ჭურჭელი, მით უმეტეს დღეს, როცა განიწმიდება სხეული”.
  6. 6
    და მისცა მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომელიც უფლის სახის წინაშე აელაგებინათ, რათა მათ ნაცვლად ახალი პურები დაეწყოთ.
  7. 7
    იყო იქ უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მსახურთაგანი, სახელად დოეგ ედომელი, საულის მთავარი მწყემსი.
  8. 8
    უთხრა დავითმა ახიმელექს: "ხომ არა გაქვს ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან სასწრაფო იყო მეფის ბრძანება და თან არ წამომიღია ჩემი მახვილი და საჭურველი”.
  9. 9
    უპასუხა მღვდელმა: "ელაჰის ველზე რომ ფილისტიმელი მოკალი, იმ გოლიათის მახვილია გახვეული სამოსელში, ეფოდის უკან; თუ გინდა, აიღე, რადგან სხვა არაფერია მის გარდა”. უთხრა დავითმა: "ვერაფერი შეედრება, მომეცი”.
  10. 10
    ადგა დავითი, გაექცა იმ დღეს საულს და მივიდა აქიშთან, გათის მეფესთან.
  11. 11
    უთხრეს აქიშს მისმა მსახურებმა: "ეს ხომ დავითია, იმ ქვეყნის მეფე! მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა - ათი ათასსო?”
  12. 12
    გულში ჩაიდო ეს სიტყვები დავითმა და ძალიან ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
  13. 13
    თავი მოიგიჟიანა მათ თვალში, ყვიროდა, ხაზებს კაწრავდა კარიბჭეზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე.
  14. 14
    უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: "აჰა, გაგიჟებულა კაცი, რაღად მომიყვანეთ?
  15. 15
    შეშლილიღა მაკლდა, რომ მოგიყვანიათ ჩემთან და გიჟობს?! ნუთუ ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?”
  16. 16
    წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. როცა გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა, ჩავიდნენ იქ მასთან.
იტვირთება შემდეგი თავი