1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1და იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ვალში მყოფი და სულგამწარებული; უფროსად დაუდგა მათ იგი. ასე შეიკრიბა მასთან დაახლოებით ოთხასი კაცი.
- 2წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გავიგებდე, რას მიპირებს ღმერთი.
- 3წარადგინა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე ამ თავშესაფარში იმყოფებოდა დავითი.
- 4უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ამ თავშესაფარში ნუ დარჩები. ადექი და წადი იუდას ქვეყანაში. წავიდა დავითი და მივიდა ხერეთის ტყეში.
- 5შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავის ხალხთან ერთად. საული გიბყაში იჯდა, მაღლობზე, იმ მუხის ქვეშ, რომელიც რამათშია, ხელში შუბი ეჭირა, გარშემო კი მსახურები იდგნენ.
- 6უთხრა საულმა გარშემო მდგარ მსახურებს: ისმინეთ, ბენიამინელნო! განა ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს და ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად?
- 7ყველანი შეთქმულხართ ჩემს წინააღმდეგ და არ მიმხელთ, კავშირი რომ ჰქონია შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, არცერთმა თქვენთაგანმა არ შემიცოდა და არ გამიმხილა, რომ ჩემი შვილი მიმხედრებდა ჩემს მსახურს და დღემდე ჩასაფრებულია ჩემს წინააღმდეგ.
- 8მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მსახურებთან ერთად რომ იდგა და უთხრა: "მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მივიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან.
- 9უფალს დაეკითხა მის გამო ახიმელექი, საგზალიც მისცა და ფილისტიმელი გოლიათის მახვილიც”.
- 10დაიბარა მეფემ ახიტუბის ძე, ახიმელექ მღვდელი, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, რაც ნობში იყო; ყველანი მივიდნენ მეფესთან.
- 11უთხრა საულმა: "მომისმინე, ახიტუბის ძევ!” მიუგო: "აქა ვარ, ჩემო ბატონო”.
- 12უთხრა საულმა: "რად შეითქვით შენ და იესეს ძე? პური და მახვილი მიგიცია მისთვის და ღმერთსაც დაკითხვიხარ მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, როგორც დღეს გამოაშკარავდა”.
- 13მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: "ვინ გყავს დავითივით ერთგული მსახურთა შორის? ვინ არის მეფის სიძე, მცველთა უფროსი და პატივდებული შენს სახლში?
- 14განა იმ დღეს პირველად დავეკითხე ღმერთს მის გამო? შორს ჩემგან! ნურაფერში დაადანაშაულებს მეფე თავის მსახურსა და მამაჩემის მთელ სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი”.
- 15თქვა მეფემ: "მოკვდები, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლიც”.
- 16და უთხრა მეფემ მის წინაშე მდგარ მორბედებს: "წადით და მოსრეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითს უმართავენ ხელს. იცოდნენ, რომ გაქცეული იყო იგი და არ გამიმხილეს”. მაგრამ არ მოინდომეს მეფის მსახურებმა უფლის მღვდლებზე აღემართათ ხელი და მოსაკლავად დასცემოდნენ.
- 17უთხრა მეფემ დოეგს: "შენ წადი და დახოცე მღვდლები”. წავიდა დოეგ ედომელი, დაეცა მღვდლებს და სელის ეფოდით შემოსილი ოთხმოცდახუთი კაცი დახოცა იმ დღეს.
- 18მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, არც კაცი დაინდო და არც ქალი, მახვილის პირით მოსრა ბავშვები და ძუძუთა ჩვილები, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები.
- 19მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი გაუსხლტა ხელიდან და დავითთან გაიქცა.
- 20უამბო აბიათარმა დავითს, რომ უფლის მღვდლები დახოცა საულმა.
- 21უთხრა დავითმა აბიათარს: "იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, მივხვდი, რომ უეჭველად ამბავს მიუტანდა საულს. მე ვარ დამნაშავე ყველას წინაშე მამაშენის სახლში.
- 22ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ხელს ვერავინ დაგადებს ჩემთან”.
- 23შეატყობინეს დავითს: "აჰა, ფილისტიმელნი დაესხნენ კეყილას და კალოებს ძარცვავენ”.
იტვირთება შემდეგი თავი