1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 23

  1. 1
    დაეკითხა დავითი უფალს: "წავიდე და მოვსრა ეს ფილისტიმელნი?” უპასუხა უფალმა: "წადი, შემუსრე ფილისტიმელნი და იხსენი კეყილა”.
  2. 2
    უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აჰა, იუდაში ვართ და გვეშინია, კეყილას როგორღა წავალთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?!”
  3. 3
    კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა: "ადექი და წადი კეყილას, რადგან მე ჩაგიგდებ ხელში ფილისტიმელებს!”
  4. 4
    და წავიდა დავითი თავის კაცებთან ერთად კეყილას, შეება ფილისტიმელებს, წამოასხა მათი პირუტყვი და სასტიკად მუსრა ფილისტიმელები; ასე იხსნა დავითმა კეყილას მცხოვრებნი.
  5. 5
    როცა აბიათარი, ახიმელექის ძე, დავითთან გამოიქცა კეყილასაკენ, თან ეფოდი წამოიღო.
  6. 6
    და გააგებინეს საულს, კეყილაში ჩავიდაო დავითი. თქვა საულმა: "ხელში ჩამიგდო ღმერთმა, რადგან გალავნიან და კარიბჭიან ქალაქში გამოუმწყვდევია თავი”.
  7. 7
    საომრად იხმო საულმა მთელი ხალხი, რომ კეყილაში ჩასულიყვნენ და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.
  8. 8
    შეიტყო დავითმა საულის ბოროტი განზრახვა და უთხრა აბიათარ მღვდელს: "მოიტანე ეფოდი”.
  9. 9
    თქვა დავითმა: "უფალო, ისრაელის ღმერთო! დანამდვილებით მესმა შენს მსახურს, რომ კეყილას მოემართება საული, რათა ჩემ გამო დაანგრიოს ქალაქი.
  10. 10
    თუ გადამცემენ კეყილას მთავარნი მის ხელს? მართლა ჩამოვა საული, როგორც უთხრეს შენს მსახურს? უფალო, ისრაელის ღმერთო, გთხოვ, მიპასუხო შენს მსახურს!” უთხრა უფალმა: "ჩამოვა”.
  11. 11
    ჰკითხა დავითმა: "თუ გადაგვცემენ კეყილას მთავარნი მე და ჩემს კაცებს საულის ხელთ?” უთხრა უფალმა: "გადაგცემენ”.
  12. 12
    ადგა დავითი თავის ექვსასამდე კაცით, დატოვა კეყილა და წავიდა, საითაც შეეძლო. შეატყობინეს საულს კეყილადან დავითის გაქცევის ამბავი და გადაიფიქრა საულმა სალაშქროდ გასვლა.
  13. 13
    ზიფის უდაბნოში, მიუვალ ადგილას, მაღლობზე იმალებოდა დავითი. ყოველდღე ეძებდა მას საული, მაგრამ ხელთ არ ჩაუგდო ღმერთმა იგი.
  14. 14
    ხედავდა დავითი, რომ მოსაკლავად ეძებდა საული და რჩებოდა ზიფის უდაბნოში.
  15. 15
    ადგა იონათანი, საულის ძე, წავიდა დავითთან ტყეში და უფლით გაამხნევა.
  16. 16
    უთხრა: "ნუ შეშინდები, რადგან ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი; შენ გამეფდები ისრაელზე, მე კი შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც იცის ეს”.
  17. 17
    აღთქმა დაუდეს ერთმანეთს უფლის წინაშე და დარჩა დავითი ტყეში, იონათანი კი სახლში დაბრუნდა.
  18. 18
    ამოვიდნენ ზიფელნი გიბყაში საულთან და უთხრეს: "აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხაქილას მაღლობზე, იეშიმონის სამხრეთით.
  19. 19
    ჩამოდი მეფევ, როცა ინებებ; ჩვენი ვალია დაგეხმაროთ მის შეპყრობაში”.
  20. 20
    უპასუხა საულმა: "უფალიმც გაკურთხებთ, რადგან ასე შემიბრალეთ.
  21. 21
    ახლა წადით, კვლავ გამოიკვლიეთ და დაათვალიერეთ ის ადგილი, სადაც იმალება და ნანახი ჰყავთ, რადგან მითხრეს, რომ დიდი ცბიერი ვინმეა.
  22. 22
    მოჩხრიკეთ და დაზვერეთ ყოველი თავშესაფარი, სადაც შეიძლება დაიმალოს და უტყუარი პასუხით დაბრუნდით ჩემთან; მერე კი წამოვალ და თუ იქ იქნება, იუდას თითოეულ ათასეულში მოვძებნი”.
  23. 23
    ადგნენ და საულზე წინ წავიდნენ ზიფში. ხოლო დავითი და მისი კაცები მაყონის უდაბნოში იყვნენ, ყარაბაში, იეშიმონის მარჯვნივ.
  24. 24
    და წავიდნენ საული და მისი მეომრები დავითის საძებრად. ეს რომ გაიგო დავითმა, კლდეს შეეფარა მაყონის უდაბნოში. შეიტყო ეს საულმა და უკან მიჰყვა დავითს მაყონის უდაბნოში.
  25. 25
    საული მთის ერთ მხარეს მიუყვებოდა, დავითი და მისი კაცები კი - მეორე მხარეს. ძალიან ჩქარობდა დავითი საულისგან გაქცევას, რადგან საული და მისი კაცები ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი კაცებისთვის, რათა შეეპყროთ ისინი.
  26. 26
    ამ დროს მივიდა მაცნე საულთან და უთხრა: "იჩქარე და წადი, რადგან ფილისტიმელნი შემოესივნენ ქვეყანას”.
  27. 27
    მიატოვა საულმა დავითის დევნა და წავიდა ფილისტიმელთა დასახვედრად. ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სელაყ-ჰამახლეკოთი (გამყოფი კლდე).
  28. 28
    წავიდა იქიდან დავითი და ყენგედის მიუვალ ადგილებში გაჩერდა.
იტვირთება შემდეგი თავი