1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, აჰა, ყენგედის უდაბნოშიაო დავითი.
- 2წაიყვანა საულმა მთელი ისრაელიდან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად ველური თხების კლდეებში.
- 3ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას გამოქვაბულთან მივიდა და შევიდა საული შიგ მოსასაქმებლად, ხოლო დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.
- 4უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
- 5წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
- 6უთხრა თავის ხალხს: "ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.
- 7ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.
- 8ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: "ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.
- 9უთხრა დავითმა საულს: "რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს, აჰა, ბოროტს გიპირებსო დავითი?
- 10აჰა, შენი თვალით დაინახე, რომ ხელში ჩამიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში. ზოგიერთნი მეუბნებოდნენ, მოკალიო, მაგრამ დაგინდე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ-მეთქი ჩემს ბატონზე, რადგან უფლის მიერაა ცხებული!
- 11შეხედე, მამაჩემო; დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ ვარ ბოროტი და მეამბოხე; არც ბოროტება განმიზრახავს, არაფერი შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
- 12უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.
- 13როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
- 14ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რაღაც რწყილს!
- 15უფალი იყოს ჩვენს შორის მსაჯული, მან განგვსაჯოს. ის შეხედავს და განსჯის ჩემს სამართალს და დამიხსნის შენი ხელიდან”.
- 16ეს სიტყვები რომ დაასრულა დავითმა, თქვა საულმა: "ნუთუ ეს შენი ხმაა, დავით, შვილო?” და ხმამაღლა აქვითინდა საული.
- 17მერე უთხრა დავითს: "შენ უფრო მართალი ხარ, ვიდრე მე; კეთილად მექცეოდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.
- 18დღესაც დამიმტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, შენ კი არ მომკალი.
- 19განა უვნებლად გაუშვებს კაცი დაჭერილ მტერს თავის გზაზე? სიკეთით მოგიზღოს უფალმა იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
- 20აჰა, ახლა კი ვიცი, რომ ნამდვილად გამეფდები და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
- 21შემომფიცე უფლის სახელით, რომ ჩემს შემდეგ არ გასწყვეტ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლიდან”.
- 22შეჰფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. დავითი და მისი ხალხი კი თავშესაფარში ავიდნენ.
- 23გარდაიცვალა სამუელი და შეიკრიბა მთელი ისრაელი, იგლოვეს და დაკრძალეს რამაში, თავის მამულში. დავითი კი ადგა და ფარანის უდაბნოში ჩავიდა.
იტვირთება შემდეგი თავი