1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 29

  1. 1
    ფილისტიმელთა მთავრები ასეულებსა და ათასეულებს მიუძღოდნენ, ხოლო დავითი აქიშს მიჰყვებოდა თავის კაცებთან ერთად.
  2. 2
    თქვეს ფილისტიმელმა მთავრებმა: "აქ რას აკეთებენ ეს ებრაელები?” უპასუხა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: "განა არ იცნობთ დავითს, ისრაელის მეფის, საულის მსახურს? წელიწადზე მეტია ჩემთანაა და მისი მოსვლიდან დღემდე, ცუდი ვერაფერი ვპოვე მასში”.
  3. 3
    ძლიერ განრისხდნენ ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს: "გაუშვი ეგ კაცი და დაბრუნდეს ადგილზე, რომელიც მიუჩინე; ნუ წამოგვყვება ომში, რათა მტრად არ გვექცეს. რითი დაიმსახურებს თავისი ბატონის წყალობას, თუ არა ჩვენი მებრძოლების თავებით?
  4. 4
    განა ეს ის დავითი არაა, როკვისას რომ უმღეროდნენ: განგმირა საულმა ათასი, დავითმა კი - ათი ათასიო?!”
  5. 5
    მოუხმო აქიშმა დავითს და უთხრა: "ცოცხალია უფალი, უმწიკვლო ხარ; ჩემთვის მოსაწონია შენი შესვლა და გამოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან არ შემინიშნავს შენში ბოროტება ჩემთან შენი მოსვლიდან დღემდე, მაგრამ მთავრებს არ მოუდიხარ თვალში.
  6. 6
    ახლა მშვიდობით გაბრუნდი და ფილისტიმელი მთავრების თვალში ცუდი არაფერი გააკეთო”.
  7. 7
    ჰკითხა დავითმა აქიშს: "განა ჩავიდინე ან შენიშნე შენს მსახურში რამე, დღიდან ჩემი მოსვლისა დღემდე, რომ არ წამოვიდე და არ ვიბრძოლო ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ?”
  8. 8
    მიუგო მას აქიშმა: "ვიცი, რომ ღვთის ანგელოზივით კეთილი ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელ მთავრებს არ უნდათ, რომ წამოგვყვე ომში.
  9. 9
    ამიტომ დილაადრიანად ადექით შენ და შენი მებრძოლნი, რომლებიც თან გახლავს და ინათებს თუ არა, უკან გაბრუნდით”.
  10. 10
    ადრიანად ადგა დავითი თავის კაცებთან ერთად ფილისტიმელთა ქვეყანაში დასაბრუნებლად. ფილისტიმელნი კი იზრეყელში წავიდნენ.
  11. 11
    სანამ მესამე დღეს დავითი და მისი ხალხი ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან შეესივნენ ციკლაგს, შემუსრეს ციკლაგი და გადაწვეს.
იტვირთება შემდეგი თავი