1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1და ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც იქ იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არავინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავისი გზით.
- 2დაბრუნდნენ დავითი და მისი ხალხი ქალაქში და, აჰა, გადამწვარია იგი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ არიან წაყვანილნი.
- 3ხმა აღიმაღლეს დავითმა და მისმა ხალხმა, მოთქვამდნენ და ტიროდნენ, ვიდრე ძალა შესწევდათ.
- 4ტყვედ წაიყვანეს დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
- 5დიდად დამწუხრდა დავითი, რადგან მის ჩაქოლვას განიზრახავდა ხალხი, ვინაიდან გამწარებულნი იყვნენ თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლით, თავისი ღმერთით განიმტკიცა თავი დავითმა.
- 6უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: "გთხოვ, მომიტანე ეფოდი”. და მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.
- 7დაეკითხა დავითი უფალს: "დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?” მიუგო: "დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და სრულად წაართმევ ნადავლს”.
- 8წავიდა დავითი, თან ექვსასი კაცი გაიყოლა და მიადგნენ ბესორის ხევს. ვინც ჩამორჩა, იქ დარჩა.
- 9დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ, რადგან ჩამორჩა ორასი კაცი, რომელთაც დაქანცულობის გამო გაუჭირდათ ბესორის ხევის გადალახვა.
- 10მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც მისცეს და დალია.
- 11მისცეს ლეღვი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან უჭმელ-უსმელი იყო სამი დღე და ღამე.
- 12უთხრა დავითმა: "ვისი ხარ და სადაური ხარ?” მიუგო: "ეგვიპტელი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან ავად გავხდი სამი დღის წინ.
- 13შევესიეთ ქერეთის სამხრეთს, იუდასა და ხალების სამხრეთს, ციკლაგი კი გადავწვით”.
- 14უთხრა დავითმა: "თუ გამიძღვები იმ ურდომდე?” მიუგო: "ღმერთი დაიფიცე, რომ არც მომკლავ და არც ჩემს ბატონს გადამცემ და გაგიძღვები იმ ურდომდე”.
- 15გაუძღვა და, აჰა, გაფანტულან არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ხარობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
- 16მუსრი გაავლო მათ დავითმა დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, ისინიც აქლემებს მოახტნენ და გაიქცნენ.
- 17ყველაფერი უკან დაიბრუნა დავითმა, რაც ყამალეკს ჰქონდა წაღებული; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
- 18არავის არაფერი დააკლდა, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
- 19წამოასხა დავითმა მთელი მათი საქონელი; მოერეკებოდნენ დავითის კაცები ამ საქონელს და ამბობდნენ: "დავითის ნადავლიაო ეს”.
- 20მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომლებიც დაქანცულობის გამო ვერ გაჰყვნენ დავითს და ბესორის ხევთან იყვნენ დარჩენილნი. და გამოვიდნენ დავითთან და მასთან მყოფ მეომრებთან მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მიესალმა მათ.
- 21ზოგიერთი ბოროტი და უღირსი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული, ასე ამბობდა: "ბრძოლაში არ წამოგვყვნენ, ამიტომ ნურაფერს გავუნაწილებთ ნადავლიდან, უკან რომ დავიბრუნეთო. მხოლოდ თავ-თავისი ცოლ-შვილი წაიყვანონ და წავიდნენო”.
- 22თქვა დავითმა: "არა, ძმებო, ნუ იზამთ ამას, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
- 23ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან რა წილიც ნაომარ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს საჭურველთან დარჩენილთ; ყველას თანაბრად უნდა ხვდეს წილი”.
- 24ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის ისრაელისთვის, მისგან დადგენილი წესი და რჯული დღემდე.
- 25მივიდა დავითი ციკლაგში, გაუგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: "აჰა, საჩუქარი თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან,
- 26მათთვის, ვინც ბეთელში, სამხრეთ რამოთში და იათირში არიან;
- 27ყაროყერში, სიფმოთში, ეშთე-მოაყში მყოფთათვის,
- 28რაქალში, იერახმეელთა და კენიელთა ქალაქებში მყოფთათვის,
- 29ხორმაში, ქორ-ყაშანში, ყათაქში მყოფთათვის;
- 30ხებრონში მყოფთათვის. და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ”.
- 31შეებნენ ფილისტიმელნი ისრაელიანებს და გარბოდნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელთაგან და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ განგმირულნი.
იტვირთება შემდეგი თავი