1 თესალონიკელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1რადგან თავადვე იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა ფუჭი არ ყოფილა.
- 2ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გაბედულება მოვიკრიბეთ ჩვენს ღმერთში, რომ გვექადაგა თქვენთვის სახარება, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა.
- 3ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არც საცდური ყოფილა, არც უწმიდურება და არც ცბიერება.
- 4არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ, და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც სცდის ჩვენს გულებს.
- 5რადგან არც პირმოთნე სიტყვებით გვილაპარაკია ოდესმე, როგორც იცით, და არც ანგარებით, ღმერთია მოწმე.
- 6არ ვეძიებთ კაცთაგან დიდებას - არც თქვენგან, არც სხვებისგან, თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები.
- 7მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს.
- 8ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სიცოცხლეც, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
- 9ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.
- 10მოწმენი ხართ თქვენც და ღმერთიც, თუ რა წმიდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, მორწმუნენო.
- 11რადგან იცით, რომ ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მამა - შვილებს;
- 12განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც თავისი სამეფოსა და დიდებისკენ მოგიწოდებთ.
- 13ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა - როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.
- 14რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ - იუდეველთაგან.
- 15რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, რადგან ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან;
- 16წარმართებთან ლაპარაკშიც გვაბრკოლებენ, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ უმატებენ თავიანთ ცოდვებს, და საბოლოოდ მოაღწია კიდეც მათზე რისხვამ.
- 17ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტად ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას დიდი წადილით.
- 18ამისთვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.
- 19რადგან ვინ არის ჩვენი იმედი ან ჩვენი სიხარული ან ჩვენი სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას?
- 20ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
იტვირთება შემდეგი თავი