1 თესალონიკელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,
  2. 2
    და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, ჩვენივე თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,
  3. 3
    რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, რადგან თვითონვე იცით, რომ საამისოდ ვართ დადგენილნი.
  4. 4
    ვინაიდან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გითხარით, ჭირი მოგველის-მეთქი, რაც აღსრულდა კიდეც, როგორც იცით.
  5. 5
    ამიტომ მეც ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა და ტიმოთე გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ გაცდუნათ მაცდურმა და ფუჭი გამოდგეს ჩვენი შრომა.
  6. 6
    ახლა კი, როცა ტიმოთე დაგვიბრუნდა და თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი გვახარა, რომ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ - თქვენი;
  7. 7
    ამიტომ, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით ვინუგეშეთ თავი ძმებო.
  8. 8
    რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.
  9. 9
    როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისთვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე?
  10. 10
    დღედაღამ მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულობა.
  11. 11
    თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ.
  12. 12
    თქვენ კი უფალმა გაგიმრავლოთ და უხვად მოგცეთ სიყვარული ერთიმეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ ვართ თქვენდამი,
  13. 13
    რათა განმტკიცდეს თქვენი გულები უბიწოდ სიწმიდეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას, მის ყველა წმიდანთან ერთად, ამინ!
იტვირთება შემდეგი თავი