1 ტიმოთეს მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს.
- 2მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,
- 3არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,
- 4თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.
- 5რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?
- 6ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.
- 7ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.
- 8დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი,
- 9რათა წმიდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას.
- 10ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ.
- 11ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ: არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი.
- 12დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი მმართველი.
- 13ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთი თავებისთვის იმკვიდრებენ პატივსა და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში.
- 14ამას გწერ და ვიმედოვნებ, რომ მალე მოვალ შენთან,
- 15მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
- 16უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის ეს საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე და ამაღლდა დიდებაში.
იტვირთება შემდეგი თავი