1 ტიმოთეს მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
- 2ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთა სინდისიც დადაღულია.
- 3ისინი კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების მცოდნეებმა.
- 4რადგან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,
- 5ვინაიდან იწმიდება ღვთის სიტყვითა და ლოცვით.
- 6თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური, გამოკვებილი რწმენის სიტყვებითა და კეთილი მოძღვრებით, რომლის მიმდევარიც გახდი.
- 7ოღონდ უღვთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე;
- 8ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
- 9სარწმუნოა ეს სიტყვა და სრულად მიღებას იმსახურებს.
- 10ვინაიდან ამიტომ ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ცოცხალი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, მეტადრე კი ერთგულებისა.
- 11ეს ამცნე და ასწავლე.
- 12აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის - სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
- 13სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.
- 14ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.
- 15ამაზე იბეჯითე და ამაში იდექი, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა.
- 16იფხიზლე საკუთარ თავსა და მოძღვრებაზე; მტკიცედ მიჰყევი ამას, ვინაიდან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
იტვირთება შემდეგი თავი