2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1გაძლიერდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში; უფალი, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აამაღლა იგი.
- 2მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს და მამისსახლთა თავკაცებს.
- 3გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ მაღლობისკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო საკრებულო კარავი, მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გააკეთა უდაბნოში.
- 4ღვთის კიდობანი კი დავითმა მისთვის გამზადებულ ადგილზე გადაიტანა კირიათ-იეყარიმიდან, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი.
- 5ხოლო სპილენძის სამსხვერპლო, ბეცალელმა, ური ხურის ძის ვაჟმა რომ გააკეთა, უფლის სავანის წინ იდგა. და წავიდა სოლომონი და მთელი კრებული, რომ უფლის სახე მოეძებნათ.
- 6ავიდა სოლომონი უფლის წინაშე სპილენძის სამსხვერპლოსთან, საკრებულო კარავთან რომ იყო და ათასი სრულადდასაწველი აღავლინა მასზე.
- 7იმავე ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?!”
- 8უთხრა სოლომონმა ღმერთს: „სიკეთით და წყალობით ავსებდი დავითს, მამაჩემს, მის ნაცვლად კი მე გამამეფე.
- 9უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი, რადგან მიწის მტვერივით აღურიცხავ ხალხზე გამამეფე;
- 10მომეცი ახლა სიბრძნე და ცოდნა, რომ გავდიოდე ამ ხალხის წინაშე და შევდიოდე, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს ესოდენ მრავალრიცხოვანი ხალხი?”
- 11უთხრა ღმერთმა სოლომონს: „იმის გამო, რომ გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე და ქონება, პატივი ან შენი მტრების სული, არც ხანგრძლივი სიცოცხლე მთხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა ჩემი ერის მართვისთვის, რომელზეც მე გაგამეფე!
- 12მოგეცა სიბრძნე და ცოდნა; თან ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენამდე მყოფ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს”.
- 13დაბრუნდა სოლომონი იერუსალიმში გაბაონის მაღლობზე მდგომი საკრებულო კარვიდან და მეფობდა ისრაელზე.
- 14შეკრიბა სოლომონმა ეტლები და მხედრები; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი მხედარი ჰყავდა; საეტლო ქალაქებსა და თავისთან, იერუსალიმში, განალაგა ისინი.
- 15ოქრო და ვერცხლი რიყის ქვას გაუთანაბრა იერუსალიმში, კედარი კი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ ხარობს.
- 16ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი სოლომონის ცხენები; მეფის ვაჭრები კეველი კაცებისგან ყიდულობდნენ ცხენებს საფასურით.
- 17ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად; ამავე ფასში ამარაგებდნენ ისინი ხეთელთა და არამელთა მეფეებსაც.
იტვირთება შემდეგი თავი