2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ბრძანა სოლომონმა უფლის სახლისა და სამეფო სასახლის აშენება.
- 2და აღრიცხა სოლომონმა სამოცდაათი ათასი კაცი ტვირთის საზიდად, ოთხმოციათასი კაცი მთიდან ქვის გამოსაკვეთად და სამიათას ექვსასი კაცი მათ ზედამხედველად.
- 3შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ცორის მეფეს: „როგორც მამაჩემს, დავითს უგზავნიდი კედრებს, მისთვის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მეც ისე მომექეცი.
- 4აჰა, სახლს ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, მისთვის მისაძღვნელად, კეთილსურნელებათა საკმევად მის წინაშე და სრულადდასაწველთა მუდმივად აღსავლენად დილა-საღამოს, შაბათობით, ახალმთვარობასა და ჩვენი უფალი ღმერთის დღესასწაულებზე. უკუნისამდე ასეა ისრაელისთვის დადგენილი.
- 5სახლი, რომელსაც ავაშენებ, დიადია, ვინაიდან ყველა ღმერთზე დიდია ჩვენი ღმერთი.
- 6განა შესწევს ვინმეს მისი სახლის აშენების ძალა, როცა ცანი და ზეცანი ვერ იტევენ მას? მე ვინღა ვარ, რომ მას სახლი ავუშენო, მხოლოდ იმისთვის, რომ მსხვერპლები აღვავლინო მის წინაშე?
- 7ახლა გამომიგზავნე ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, რკინაზე, მეწამულ და ცისფერ ნართზე მომუშავე ოსტატები და მეჩუქურთმე ხელოსნები, რათა იმუშაონ დავითის, მამაჩემის მიერ მომზადებულ მეჩუქურთმეებთან ერთად, რომლებიც იუდასა და იერუსალიმში მყავს.
- 8კედარის, კვიპაროსისა და სანდალოზის ხეთა მორებიც გამომიგზავნე ლიბანიდან, რადგან გამიგია, რომ იციან შენმა მსახურებმა ლიბანის ხეთა ჭრა. აჰა, ჩემი მსახურნი კი შენს მსახურებთან იქნებიან.
- 9რათა მრავლად გამიმზადონ მორები, ვინაიდან სახლი, რომელსაც ვაშენებ, დიადი და საოცარი უნდა იყოს.
- 10აჰა, ხისმჭრელებსა და მხერხავებს, შენს მსახურთ, ოც-ოცი ათას ქორ დაფქულ ხორბალსა და ქერს და ოც-ოცი ათას საწყაულ ღვინოსა და ზეთს ვაძლევ”.
- 11წერილით უპასუხა სოლომონს ხურამმა, ცორის მეფემ: „შეიყვარა უფალმა თავისი ხალხი და ამიტომ დაგადგინა მათზე მეფედ!
- 12კურთხეულია ისრაელის უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკუა-გონების პატრონი ძე მისცა, რომელიც სახლს ააშენებს უფლისთვის და სასახლეს თავისი სამეფოსთვის.
- 13ახლა გიგზავნი ბრძენკაც ხურამს, ოსტატთა უფროსს.
- 14დედამისი დანის ასულთაგანაა, მამამისი კი - ცორელი კაცია. ოქრო-ვერცხლზე, სპილენძზე, რკინაზე, ქვასა და ხეზე, მეწამულ და ცისფერ ნართზე, ბისონსა და ძოწეულზე და ყოველ ჩუქურთმაზე მომუშავეა ხურამი. შეასრულებს ყოველ საქმეს, რაც კი დაევალება, შენი და ჩემი ბატონი დავითის, მამაშენის ხელოსნებთან ერთად.
- 15ახლა ის ხორბალი და ქერი, ზეთი და ღვინო გამოუგზავნოს თავის მსახურთ, რასაც ჩვენი ბატონი შეგვპირდა.
- 16ჩვენ კი ლიბანის ხეებს მოვჭრით რამდენსაც გვეტყვი და ტივებად მოგიტანთ ზღვაზე იაფოში, რათა იქიდან იერუსალიმში აიტანო”.
- 17აღრიცხა სოლომონმა ყოველი უცხოელი, რომელიც ისრაელის ქვეყანაში იყო, დავითის, მამამისის მიერ აღწერის შემდეგ და ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი აღმოჩნდა.
- 18დაადგინა მათგან სამოცდაათი ათასი ტვირთმზიდველად, ოთხმოცი ათასი - ქვისმჭრელად მთაში და სამი ათას ექვსასი - მუშა ხალხის ზედამხედველად.
იტვირთება შემდეგი თავი