2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 13

  1. 1
    იერობყამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე.
  2. 2
    სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში; დედამისი იყო მიქაიაჰუ, გიბყელი ურიელის ასული. ბრძოლა იყო აბიასა და იერობყამს შორის.
  3. 3
    აბიამ ბრძოლაში მამაც მეომართაგან, ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი განალაგა; იერობყამი კი მის წინააღმდეგ საბრძოლველად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი ვაჟკაცით გამოვიდა.
  4. 4
    დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მაღლობებზე რომ არის, და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იერობყამ და მთელო ისრაელო!
  5. 5
    განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა ისრაელზე მეფობა საუკუნოდ?
  6. 6
    მაგრამ აღდგა იერობყამ ნაბატის ძე, სოლომონის, დავითის ძის მსახური და აჯანყდა თავისი ბატონის წინააღმდეგ.
  7. 7
    შემოიკრიბნენ მის ირგვლივ უღირსი, უგვანო ხალხი და გამაგრდნენ რეხაბყამ სოლომონის ძის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ყმაწვილი და გაუბედავი იყო რეხაბყამი, ამიტომ ვერ დადგა მათ წინააღმდეგ.
  8. 8
    ახლა უფლის სამეფოს წინააღმდეგ გამოსვლა განიზრახეთ, რომელიც დავითის ძეთა ხელშია. თქვენ ბევრნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბორები, რომლებიც იერობყამმა ღმერთებად დაგიდგინათ.
  9. 9
    განა თქვენ არ გამოაძევეთ უფლის მღვდლები - აჰარონის ძენი და ლევიანები და სხვა ქვეყნების მსგავსად არ გაიჩინეთ მღვდლები? და ყველა, ვინც თავისი თავის საკურთხებლად მოდის მოზვრითა და შვიდი ვერძით, ცრუ ღმერთების მღვდელი ხდება.
  10. 10
    ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი გვყავს და არ მიგვიტოვებია. მღვდლებად მხოლოდ აჰარონის ძენი ემსახურებიან უფალს და ლევიანები მათ სამსახურში დგანან.
  11. 11
    ყოველ დილა-საღამოს უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, კეთილსურნელებას აკმევენ, საწინაშეო პურს სუფთა მაგიდაზე აწყობენ, ოქროს სასანთლეზე ლამპრებს ანთებენ ყოველ საღამოს გასანათებლად, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის ბრძანებას ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ იგი.
  12. 12
    ახლა, აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები გვიდგანან სათავეში, მქუხარე საყვირებით თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად! ისრაელის ძენო, ნუ შეებრძოლებით უფალს, თქვენი მამების ღმერთს, რადგან არ მოგემართებათ ხელი”.
  13. 13
    ამასობაში იერობყამმა უკან ჩაუსაფრა ხალხი; თვითონ იუდეველთა წინ იდგნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ.
  14. 14
    უკან მოიხედა იუდამ და აჰა, წინიდან და უკნიდან უტევენ მას; მაშინ შეჰღაღადეს უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს.
  15. 15
    აღსდგნენ იუდას კაცები და ყიჟინა დასცეს; და როდესაც ყიჟინა დასცეს იუდევლებმა, ღმერთმა განგმირა იერობყამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე.
  16. 16
    გაექცნენ ისრაელის ძენი იუდას და მათ ხელში ჩაყარა ღმერთმა ისინი.
  17. 17
    და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით; ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.
  18. 18
    მაშინ მოიდრიკნენ ისრაელის ძენი, იუდას ძენი კი გაძლიერდნენ, რადგან მიენდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
  19. 19
    დაედევნა აბია იერობყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი სოფლებით, იეშანა თავისი სოფლებით და ყეფრონი თავისი სოფლებით.
  20. 20
    ვეღარ მოიკრიბა იერობყამმა ძალა აბიას დღეებში, განგმირა იგი უფალმა და მოკვდა.
  21. 21
    ძალიან გაძლიერდა აბია, თოთხმეტი ცოლი შეირთო და ოცდაორი ძე და თექვსმეტი ასული შვა.
  22. 22
    აბიას დანარჩენი საქმეები, მისი გზები და სიტყვები ყიდო წინასწარმეტყველის წიგნშია აღწერილი.
იტვირთება შემდეგი თავი