2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    განისვენა აბიამ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი ასა, მისი ძე გამეფდა. ათი წლით მოისვენა ქვეყანამ მის დღეებში.
  2. 2
    კეთილად და სიმართლით იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.
  3. 3
    მოშალა უცხო სამსხვერპლონი და მაღლობები; და აჩეხა (ფინიკიელთა ქალღმერთის) აშერები.
  4. 4
    იუდევლებს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის ძიება და რჯულისა და მცნების შესრულება უბრძანა.
  5. 5
    გააუქმა იუდას ქალაქებში სამსხვერპლო მაღლობები და მზის სვეტები. და მოისვენა სამეფომ მისი მეფობის დროს.
  6. 6
    ააშენა გამაგრებული ქალაქები იუდაში, რადგან დამშვიდდა ქვეყანა და ომები არ ჰქონია იმ წლებში, რადგან უფალმა მოასვენა იგი.
  7. 7
    უთხრა მან იუდეველთ: „ავაშენოთ ეს ქალაქები და შემოვავლოთ გალავნები კოშკებით, კარიბჭეებითა და ურდულებით, ჯერ კიდევ ჩვენია ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან ვეძიებდით უფალს, ჩვენს ღმერთს; ვიპოვეთ იგი და მშვიდობა გვიბოძა ყოველი მხრიდან!” აშენებდნენ ისინი და იმარჯვებდნენ.
  8. 8
    გაძლიერდა ასა, იუდეველთაგან სამასი ათასი ფარ-შუბის ამღები ჰყავდა, ბენიამინელთაგან კი - ორას ოთხმოცი ათასი ფარისა და მშვილდის ამღები; ყველა ერთიმეორეზე ძლევამოსილი მეომარი იყო.
  9. 9
    გამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი (ეთიოპიელი) ათასჯერ ათასიანი ლაშქრით, სამასი ეტლით და მარეშას მიადგა.
  10. 10
    გავიდა ასა მის წინააღმდეგ და საომრად დაეწყვნენ ცეფათას ველზე, რომელიც მარეშას გადასცქეროდა.
  11. 11
    მოუხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს და თქვა: „უფალო! მხოლოდ შენ შეგიძლია შეეწიო უძლურს ძლიერის წინააღმდეგ. შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენს სახელზე მინდობილნი გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო! ჩვენი ღმერთი ხარ შენ, დაე ნურავინ შეძლებს შენზე აღმატებას!”
  12. 12
    შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.
  13. 13
    გერარამდე მისდევდა ასა და მასთან მყოფი ხალხი და დაეცნენ ქუშელნი და არავინ გადარჩენილა მათგან ცოცხალი, რადგან შეიმუსრნენ უფლისა და მისი მხედრობის წინაშე. დიდძალი ნადავლი წამოიღო იუდამ.
  14. 14
    ყველა ქალაქი ააოხრეს გერარის ირგვლივ, რადგან უფლის ძრწოლა იყო მათზე და გაძარცვეს ყველა ქალაქი, ვინაიდან სავსე იყო ნადავლით.
  15. 15
    მწყემსთა კარვებიც აიკლეს და დიდძალი წვრილფეხა საქონელი და აქლემი გამოირეკეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
იტვირთება შემდეგი თავი