2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1ღვთის სული გადმოვიდა ყაზარია ყოდედის ძეზე.
- 2წავიდა, დახვდა ასას და უთხრა: „მისმინეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო! უფალი თქვენთანაა, როცა თქვენც მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით და თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
- 3დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე.
- 4გასაჭირის დროს მობრუნდა უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.
- 5იმ ხანებში არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი არეულობა დაატყდა თავს იმ ქვეყნების ყველა მკვიდრს.
- 6ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით.
- 7თქვენ კი გამაგრდით და ნუ დასუსტდება თქვენი ხელები, რადგან საზღაურს მიიღებთ თქვენი საქმისამებრ”.
- 8როცა ასამ ეს სიტყვები და ყაზარიას წინასწარმეტყველება მოისმინა, სიმხნევე მოიკრიბა და იუდეიდან და ბენიამინის ქვეყნიდან ბილწი კერპები მოაშორა; იმ ქალაქებიდანაც, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო; განაახლა უფლის სამსხვერპლო, რომელიც უფლის ტაძრის წინ იყო.
- 9შეკრიბა მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, როდესაც დაინახეს, რომ უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან.
- 10ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიკრიბნენ ისინი იერუსალიმში,
- 11შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან, შვიდასი ხარი და შვიდი ათასი ცხვარი.
- 12აღთქმა დადეს, რომ მთელი გულითა და მთელი სულით ეძიათ უფალი, თავიანთი მამების ღმერთი;
- 13ყველა, ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო - უმცროსიდან უფროსამდე, მამაკაციდან დედაკაცამდე.
- 14შეჰფიცეს უფალს ხმამაღალი ხმითა და შეძახილებით, საყვირებითა და ბუკებით.
- 15ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, გულმოდგინედ ეძიებდნენ მას და მანაც აპოვნინა თავი. ყველა მხრიდან სიმშვიდე მისცა მათ უფალმა.
- 16მაყაქას, თავის ბებიასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერი, საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ფეხქვეშ გათელა და კედრონის ხევში დაწვა.
- 17ისრაელში კი არ მოუშლიათ მაღლობები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფალს მთელი მისი სიცოცხლე.
- 18შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და მის მიერ მიძღვნილი ვერცხლი და ოქრო, ასევე ჭურჭელი.
- 19აღარ მომხდარა ომი ასას მეფობის ოცდამეთხუთმეტე წლამდე.
იტვირთება შემდეგი თავი