2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1მდიდარი და პატივით მოსილი იყო იოშაფატი; და დაუმოყვრდა ახაბს.
- 2წლების შემდეგ ჩავიდა ახაბთან სამარიას; დაუკლა მას და მასთან მყოფ ხალხს ახაბმა მრავალი ცხვარ-ძროხა და არწმუნებდა, რომ გილყადის რამოთზე გაჰყოლოდა.
- 3ჰკითხა ახაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: „წამოხვალ ჩემთან გილყადის რამოთზე?” უპასუხა: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? ომშიც შენთან ერთად ვიქნები”.
- 4და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „ჯერ უფალს დაეკითხე, რას იტყვის”.
- 5შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასი კაცი და ჰკითხა მათ: „წავიდეთ გილყადის რამოთის დასალაშქრად თუ არა?” უთხრეს: „წადი და მეფის ხელში ჩააგდებს მას ღმერთი”.
- 6თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?”
- 7მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: „არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე, რომლის პირითაც შეგვიძლია უფალს დავეკითხოთ, მაგრამ მძულს იგი, რადგან ჩემზე სიკეთე არასოდეს უწინასწარმეტყველებია, მხოლოდ ბოროტს ლაპარაკობს”. თქვა იოშაფატმა: „ასე ნუ ამბობს მეფე”.
- 8მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ საჭურისს და უბრძანა: „გასწი სწრაფად მიქა იმლას ძესთან”.
- 9და, აი, ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, თითოეული მოსასხამით მოსილი იჯდა თავის ტახტზე, კალოზე, სამარიას კარიბჭის შესასვლელში და წინასწარმეტყველებდა მათ წინაშე ყველა წინასწარმეტყველი.
- 10გაიკეთა ციდკიაჰუ ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა, ასე ამბობსო უფალი: ამით ურქენ არამელებს და მოსპობ.
- 11ყველა წინასწარმეტყველი იგივეს წინასწარმეტყველებდა: „ადი გილყადის რამოთში და გამარჯვებას მისცემს მეფის ხელს უფალი”.
- 12ასე ეუბნებოდა მიქას მის მოსახმობად წასული დესპანი: „აჰა, მეფის წარმატებაზე ლაპარაკობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვები მათ სიტყვებს; შენც თქვი რამე სასიკეთო”.
- 13თქვა მიქამ: „ცოცხალია უფალი, რასაც ჩემი ღმერთი იტყვის, იმას ვილაპარაკებ!”
- 14მივიდა მეფესთან; უთხრა მას მეფემ: „მიქა, წავიდეთ გილყადის რამოთის დასალაშქრად თუ არა?” უპასუხა: „წადით და გამარჯვება მოგეცემათ!”
- 15უთხრა მეფემ: „რამდენჯერ დაგაფიცე, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”
- 16თქვა: „უმწყემსო ცხვარივით მთებზე გაბნეული ვიხილე მთელი ისრაელი და თქვა უფალმა: პატრონი აღარ ჰყავთ, დაე, მშვიდობით დაბრუნდეს თითოეული თავის სახლში!”
- 17უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „აკი გითხარი, სასიკეთოს არ იწინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ - ბოროტს?”
- 18კვლავ თქვა მიქამ: „აჰა, ისმინეთ სიტყვა უფლისა. ვიხილე უფალი თავის ტახტზე მჯდომი და ცის მთელი მხედრობა მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი.
- 19თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, ისრაელის მეფეს, რომ გავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთს? ზოგი იმას ამბობდა და ზოგი ამას.
- 20გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი?
- 21თქვა: გავალ და სიცრუის სულად გარდავიქმნები მისი წინასწარმეტყველების ენაზე. უთხრა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი და ასე გააკეთე!
- 22აჰა, ჩაუდგა უფალმა სიცრუის სული ყველა შენს წინასწარმეტყველს; უფალს კი ცუდი აქვს შენზე ნათქვამი”.
- 23მივიდა ციდკიაჰუ ქენაყანის ძე, სახეში შემოარტყა მიქას და უთხრა: „რომელი გზით ამიარა უფლის სულმა, რომ შენით ელაპარაკა?”
- 24თქვა მიქამ: „აჰა, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ ირბენ დასამალავად”.
- 25თქვა ისრაელის მეფემ: „წაიყვანეთ მიქა და ამონს, ქალაქის მმართველსა და მეფისწულ იოაშს მიუყვანეთ;
- 26უთხარით, ასე ამბობს-თქო მეფე: საპყრობილეში ჩასვით და სიმწრის პური აჭამეთ და სიმწრის წყალი ასვით, ვიდრე მშვიდობით დავბრუნდებოდე!”
- 27უთხრა მიქამ: „თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემგან”. თან დააყოლა: „ყველამ გაიგეთ, ხალხო!”
- 28წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, გილყადის რამოთზე.
- 29უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ჩავებმები ბრძოლაში, შენ კი შენი სამოსელით შეიმოსე”. გადაიცვა ისრაელის მეფემ და ჩაებნენ ბრძოლაში.
- 30ასე უბრძანა არამელთა მეფემ თავისი ეტლების მთავართ: „ნუ შეებრძოლებით ნურც პატარას და ნურც დიდს, არამედ მხოლოდ ისრაელის მეფეს”.
- 31და როცა დაინახეს ეტლების მთავრებმა იოშაფატი, იფიქრეს: „ეს არის ისრაელის მეფე” მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. შეღაღადა იოშაფატმა და უფალმა იხსნა ის მათი ხელიდან.
- 32დაინახეს ეტლთა მთავრებმა, რომ ისრაელის მეფე არ იყო და გაბრუნდნენ.
- 33ალალბედზე მოზიდა მშვილდი ერთმა კაცმა და აბჯრის ნაწიბურებს შორის დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: „მოაბრუნე და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, რადგან დაჭრილი ვარ”.
- 34გამძვინვარდა იმ დღეს ბრძოლა და საღამომდე ეტლში დარჩა ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ. მზის ჩასვლისას მოკვდა.
იტვირთება შემდეგი თავი