2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1მშვიდობით დაბრუნდა თავის სახლში იოშაფატი, იუდას მეფე, იერუსალიმში.
- 2გამოეგება მხილველი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: „განა შეიძლება ბოროტი კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება.
- 3თუმცა კეთილი საქმეებიც გიკეთებია, რადგან მოსპე აშერის კერპები ქვეყნიდან და გული ღვთის საძიებლად მოიმზადე.
- 4ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში და კვლავ გავიდა ხალხში ბეერ-შებაყიდან ეფრემის მთამდე და მოაქცია ისინი უფლისკენ, მათი მამების ღმერთისკენ.
- 5დააყენა მსაჯულები ქვეყანაში, იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, ერთიმეორეს მიყოლებით ყოველ ქალაქში.
- 6უთხრა მსაჯულებს: „დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან ადამიანის სახელით კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლის სახელით, რომელიც თქვენთანაა სამართლის გაჩენაში.
- 7უფლის შიში იყოს თქვენში, ფრთხილად მოიქეცით, რადგან არ არის უფალთან, ჩვენს ღმერთთან, უსამართლობა, პირმოთნეობა და მექრთამეობა”.
- 8ასევე იერუსალიმშიც დააყენა იოშაფატმა უფლის სამართლის გასაჩენად ზოგიერთი ლევიანთაგანი, მღვდლები და ისრაელის მამისსახლთა თავკაცები და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
- 9უბრძანა მათ და უთხრა: „ასე იმოქმედეთ უფლის მოშიშებით, ერთგულებით და მთელი გულით.
- 10ყველა სადაო საქმე, რომელიც თქვენამდე მოვა თავ-თავის ქალაქებში დამკვიდრებული თქვენი მოძმეებისგან, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და დადგენილებების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ თავზე. ასე იმოქმედეთ და არ შესცოდავთ.
- 11აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ მთავრად ყველა საუფლო საქმეში, ზებადიაჰუ იშმაელის ძე, იუდას სახლის მმართველი, მეფის ყველა საქმეს განაგებს; ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იმოქმედეთ და მართალთან იქნება უფალი!”
იტვირთება შემდეგი თავი