2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონის ძენი, მეყუნიმელნიც მასთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- 2მოვიდნენ და შეატყობინეს იოშაფატს: „დიდძალი ურდო დაიძრა შენს წინააღმდეგ ზღვის გაღმიდან, არამიდან და, აჰა, ხაცეცონ-თამარში ანუ ყენ-გედში არიან ისინი”.
- 3შეშინდა და სახე უფლის საძიებლად იბრუნა იოშაფატმა. მარხვა გამოაცხადა მთელ იუდაში.
- 4შეიკრიბა იუდა, რომ ეძიათ უფლისაგან შეწევნა; იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან შესავედრებლად;
- 5დადგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში უფლის სახლის ახალი ეზოს წინ
- 6და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო! განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში და შენ არ ბატონობ ყველა ერის სამეფოზე? შენს ხელთაა ძალა და ძლევამოსილება და შენს წინააღმდეგ ვერავინ აღდგება.
- 7განა შენ არ განდევნე, ღმერთო ჩვენო, ამ ქვეყნის მკვიდრნი შენი ხალხის, ისრაელიანებისაგან? და სამუდამოდ მიეცი იგი შენი მეგობრის, აბრაჰამის შთამომავლობას!
- 8დამკვიდრდნენ იქ და საწმიდარი ააშენეს შენს სახელზე და თქვეს:
- 9როცა ბოროტება მოვა ჩვენზე, განკითხვის მახვილი ან შავი ჭირი და შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენ წინაშე, რადგან შენს სახელზეა ეს სახლი და შემოგღაღადებთ ჩვენს გასაჭირს, რათა ისმინო და გვიხსნა.
- 10ახლა კი, აჰა, მოდიან ყამონისა და მოაბის ძენი და სეყირის მთის მკვიდრნი, რომელთა შორის გავლის უფლება არ მიეცი ისრაელს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდა, არამედ გვერდი აუარეს და არ გაუნადგურებიათ ისინი.
- 11შეხედე, როგორ გვიხდიან სამაგიეროს?! მოდიან, რომ გაგვდევნონ სამკვიდრებლიდან, რომელიც შენ მოგვეცი.
- 12ღმერთო ჩვენო! განა არ განიკითხავ მათ?! რადგან უძლურნი ვართ ამოდენა ურდოს წინაშე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან შენკენაა მოპყრობილი ჩვენი თვალი!”
- 13მთელი იუდა იდგა უფლის წინაშე, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ძეებით.
- 14მაშინ გადმოვიდა უფლის სული შუაგულ კრებულში იახაზიელ ზაქარიაჰუს ძეზე, რომელიც ბენაიას, იეყიელის და ლევიანი მათანიას შთამომავალი იყო, ასაფიანთაგან.
- 15თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის.
- 16ჩადით ხვალ მათთან; აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ.
- 17ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ; აღსდექით და იხილეთ უფლისმიერი ხსნა, იუდავ და იერუსალიმ! ნუ შეშინდებით და შეძრწუნდებით. გადით ხვალ მათ პირისპირ, რადგან უფალი იქნება თქვენთან!”
- 18მიწაზე დაემხო იოშაფატი; მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი უფლის წინაშე დაემხნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს.
- 19აღიმართნენ ლევიანნი კეჰათელთაგან და კორახელთაგან უფლის, ისრაელის ღმერთის ხმამაღლა საქებრად.
- 20დილაადრიანად ადგნენ და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ”.
- 21მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმიდის დიდებულება და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!”
- 22როცა იწყეს ყიჟინა და ქება, უფალმა შფოთი დაუშვა ყამონისა და მოაბის ძეებისა და სეყირის მთის მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა.
- 23აღდგნენ ყამონისა და მოაბის ძენი სეყირის მკვიდრთა წინააღმდეგ მათ ასაოხრებლად და გასანადგურებლად; და როცა სეყირის მკვიდრთა განადგურება დაასრულეს, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად.
- 24როცა უდაბნოს საგუშაგოსთან მივიდნენ იუდეველნი, ურდოსკენ გაიხედეს და, აჰა, გვამებითაა მოფენილი მიწა და ცოცხალი აღარავინაა.
- 25მივიდა იოშაფატი თავის ხალხთან ერთად ნადავლის წამოსაღებად და იპოვეს დიდძალი ქონება, უამრავი სამოსელი და ძვირფასი ნივთები; იმდენი ნადავლი დაგროვდა, რომ ერთბაშად წაღება ვერ შეძლეს და სამ დღეს ეზიდებოდნენ სიმრავლის გამო.
- 26მეოთხე დღეს ბერახას (კურთხევის) ველზე შეიკრიბნენ, ვინაიდან იქ აკურთხეს უფლის სახელი. ამიტომ ეწოდება იმ ადგილს კურთხევის ველი ამ დღემდე.
- 27დაბრუნდა იუდასა და იერუსალიმის ყველა კაცი და სიხარულით მიუძღოდა მათ იოშაფატი იერუსალიმში დასაბრუნებლად, რადგან უფალმა მტრებზე გაახარა ისინი.
- 28ჩანგებით, ქნარებითა და ბუკებით მივიდნენ იერუსალიმში, უფლის სახლში.
- 29უფლის შიში დაეცა დედამიწის ყოველ სამეფოს, როცა ესმათ, რომ უფალმა იბრძოლა ისრაელის მტრებთან.
- 30დამშვიდდა იოშაფატის სამეფო და მშვიდობა მისცა ღმერთმა გარშემო.
- 31მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლის გამეფდა იგი და ოცდახუთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
- 32მამამისის, ასას გზით დადიოდა და არ გადაუხვევია უფლის თვალში სიმართლის კეთებისგან.
- 33თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხსაც ბოლომდე არ მიუმართავს გული თავიანთი მამების ღმერთისკენ.
- 34იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველიც და უკანასკნელიც, იეჰუ ხანანის ძის მატიანეშია აღწერილი, რომელიც ისრაელის მეფეთა წიგნში იქნა შეტანილი.
- 35ამის მერე იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფე ახაზიას შეეკრა, რომელიც ბოროტად იქცეოდა.
- 36თარშიშში გასამგზავრებელი გემების ასაშენებლად შეეკრა მას და ყეციონ-გებერში ააგო ხომალდები.
- 37იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა: „რადგან ახაზიას შეეკარი, ჩაგიშლის საქმეებს უფალი!” დაიმსხვრნენ ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა.
იტვირთება შემდეგი თავი