2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1მის მაგივრად ახაზია, მისი უმცროსი ძე გაამეფეს იერუსალიმის მკვიდრებმა, რადგან ყველა უფროსი ვაჟი მოკლეს არაბებთან ერთად ბანაკში შემოსულმა ურდოებმა; გამეფდა ახაზია იორამის, იუდას მეფის ძე.
- 2ორმოცდაორი წლის იყო ახაზია თავისი გამეფებისას და ერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ღოთოლია, ყომრის ასული.
- 3ისიც ახაბის სახლის გზებით დადიოდა, რადგან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
- 4ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩეველნი მამამისის სიკვდილის შემდეგ, მის წარსაწყმედად.
- 5მათი რჩევით იყო, რომ წავიდა იორამთან, ახაბის ძესთან, ისრაელის მეფესთან, არამის მეფის, ხაზაელის წინააღმდეგ საომრად გილყადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.
- 6იზრეყელში დაბრუნდა იგი ჭრილობების მოსაშუშებლად, რადგან რამაში, არამელთა მეფე ხაზაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებული ჭრილობები აწუხებდა. ახაზია, იუდას მეფე იორამის ძე იზრეყელში ჩავიდა იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
- 7ღვთისგან იყო იორამთან მისვლით ახაზიას განადგურება, როცა იორამთან ერთად იეჰუ ნიმშის ძის წინააღმდეგ გავიდა, რომელიც ახაბის სახლეულის მოსასპობად სცხო უფალმა.
- 8როცა იეჰუ ახაბის სახლს სდევნიდა, მაშინ იპოვა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმათა ვაჟები, ახაზიაჰუს მსახურნი და გაჟლიტა ისინი.
- 9მოძებნეს ახაზია, რომელიც სამარიაში იმალებოდა, შეიპყრეს და იეჰუსთან მიიყვანეს. მოკლეს და დაკრძალეს იგი, რადგან ამბობდნენ: „იოშაფატის ძეა იგი, იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს”. აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
- 10როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ძე, იუდას მეფის სახლის მთელი შთამომავლობა ამოწყვიტა.
- 11აიყვანა მეფის ასულმა იეჰოშაბათმა იოაშ ახაზიას ძე, გააპარა მეფის დასახოცად განწირული ძეებისგან და თავის ძიძასთან ერთად საძინებელში დამალა. დამალა იგი იეჰოშაბათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა და ახაზიას დამ, გადაუმალა ღოთოლიას და არ მოაკვლევინა იგი.
- 12მათთან იყო ღვთის სახლში დამალული ექვს წელიწადს, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე.
იტვირთება შემდეგი თავი