2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 23

  1. 1
    მეშვიდე წელს გაძლიერდა იეჰოიადაყი და აღთქმის დასადებად დაუძახა ასისთავებს: ყაზარია იეროხამის ძეს, იშმაელ იოხანანის ძეს, ყაზარია ყობედის ძეს, მაყასიაჰუ ყადაიაჰუს ძეს და ელიშაფატ ზიქრის ძეს.
  2. 2
    წავიდნენ იუდაში, იუდას ყველა ქალაქში შეკრიბეს ლევიანები ისრაელის მამისსახლთა თავკაცებთან ერთად და იერუსალიმში მოვიდნენ.
  3. 3
    აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში; უთხრა მათ იეჰოიადაყმა: „აჰა, მეფის ძე გამეფდება, როგორც ღმერთმა ილაპარაკა დავითის ძეებზე.
  4. 4
    აი, რა უნდა გააკეთოთ: თქვენგან მესამედი, შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან, კარის მცველები იქნებით.
  5. 5
    მესამედი მეფის სახლში, მესამედი საძირკვლის კარიბჭეში; დანარჩენი ხალხი - უფლის სახლის ეზოებში.
  6. 6
    არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მსახური ლევიანებისა; ისინი შევიდნენ, რადგან გაწმენდილნი არიან; დანარჩენი ხალხი კი გარეთ იდგეს, უფლის ბრძანების თანახმად.
  7. 7
    გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში; ვინც სახლში შემოვა - მოკვდეს. მეფესთან იყავით, მისი შესვლისას და გამოსვლისას”.
  8. 8
    ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და მთელმა იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა, წაიყვანეს თავ-თავის ხალხში შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.
  9. 9
    დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები, დიდი და მცირე ფარები, უფლის სახლში რომ ჰქონდა.
  10. 10
    დააყენა მთელი ხალხი, თითოეული იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა მხრიდან სახლის მარცხენა მხარემდე, სამსხვერპლოსთან და ტაძართან - მეფის ირგვლივ.
  11. 11
    გამოიყვანეს მეფის ძე, დაადგეს მას სამეფო გვირგვინი, გაამეფეს და მისცეს მოწმობა. ზეთი სცხეს იეჰოიადაყმა და მისმა ძეებმა და თქვეს: "იცოცხლოს მეფემ!”
  12. 12
    გაიგო ღოთოლიამ ხალხის ხმა, რომ დარბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ და მივიდა ხალხთან უფლის სახლში.
  13. 13
    გაიხედა და, აჰა, წესისამებრ, სვეტთან იდგა მეფე, მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ; მთელი ხალხი მხიარულობდა და საყვირებს აყვირებდა, მგალობელნი კი საკრავებით ქებას უძღვნიდნენ მეფეს. შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და შესძახა: "ღალატია! ღალატი!”
  14. 14
    გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურები და უთხრა: "მწყობრის გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება - მახვილით მოკალით, რადგან იფიქრა მღვდელმა: უფლის სახლში არ მოკლანო”.
  15. 15
    ხელი ჩაავლეს, ცხენთა შესასვლელი გზით წაიყვანეს მეფის სახლამდე და იქ მოკლეს.
  16. 16
    აღთქმა დადო იეჰოიადაყმა თავის თავს, მთელ ხალხსა და მეფეს შორის, რათა უფლის ხალხი ყოფილიყვნენ.
  17. 17
    შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს, სამსხვერპლო და მისი გამოსახულებანი დალეწეს. სამსხვერპლოების წინ მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი.
  18. 18
    უფლის სახლზე მთავრები დაადგინა იეჰოიადაყმა, იმ ლევიანთაგან და მღვდელთაგან, დავითმა რომ გაამწესა უფლის სახლში სრულადდასაწველის აღსავლენად, სიხარულითა და გალობით, როგორც ეს მოსეს რჯულში სწერია, დავითის განაწესის მიხედვით.
  19. 19
    მცველები დააყენა უფლის სახლის კარიბჭეებთან, რათა გაუწმიდურებული არავინ შესულიყო.
  20. 20
    წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ხალხის გამგებლები, ქვეყნის მთელი ხალხი და ჩამოიყვანა მეფე უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სახლამდე და დასვეს მეფე სამეფო ტახტზე.
  21. 21
    მხიარულობდა მთელი ქვეყნის ხალხი და დამშვიდდა ქალაქი, ღოთოლია კი მახვილით მოკლეს.
იტვირთება შემდეგი თავი