2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1შვიდი წლის იყო იოაში გამეფებისას და ორმოც წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ციბია ბეერ-შებაყიდან.
- 2სათნოდ იქცეოდა იოაში უფლის თვალში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლის დღეებში.
- 3ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
- 4ამის შემდეგ უფლის სახლის განახლება ჩაიდო გულში იოაშმა.
- 5შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.
- 6მოუხმო მეფემ იეჰოიადაყ მღვდელმთავარს და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვე ლევიანებს, რომ მოეტანათ იუდასგან და იერუსალიმისგან ხარკი მოსეს, უფლის მსახურისა და ისრაელის კრებულის მიერ დადგენილი აღთქმის კარავისთვის?”
- 7ბოროტმა ღოთოლიამ და მისმა ძეებმა დაარბიეს ღვთის სახლი და მთელი მისი სიწმიდეები ბაყალებისთვის გამოიყენეს.
- 8გააკეთეს მეფის ბრძანებით ყუთი და უფლის სახლის კარიბჭის გარეთ დადგეს.
- 9გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოსეს, ღვთის მსახურის მიერ უდაბნოში დადგენილი ხარკი მიეტანათ.
- 10გაუხარდათ მთავრებსა და მთელ ხალხს, მოჰქონდათ და ყუთში ყრიდნენ, სანამ არ აივსებოდა.
- 11როცა მეფის მსახურებთან ლევიანთა ხელით ყუთი მიჰქონდათ და ნახავდნენ, რომ ბევრი ფული იყო, მიდიოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის მსახური, ცლიდნენ და კვლავ თავის ადგილზე აბრუნებდნენ ყუთს. დღითი დღე ასე აკეთებდნენ და დიდძალი ფული მოაგროვეს.
- 12მისცეს იგი მეფემ და იეჰოიადაყმა უფლის სახლის საქმეთა მწარმოებლებს და ქირაობდნენ ისინი ქვისმთლელებს, ხუროებს, რკინისა და სპილენძის მჭედელთ უფლის სახლის გასაახლებლად და გასამაგრებლად.
- 13მუშაობდნენ ხელოსნები და მოამთავრეს საქმე მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავის ზომებში და გაამაგრეს.
- 14როცა დაასრულეს, მიიტანეს მეფისა და იეჰოიადაყის წინაშე დარჩენილი ვერცხლი და გააკეთეს მისგან ჭურჭელი უფლის სახლისთვის, ჭურჭელი მსახურებისა და სრულადდასაწველებისთვის, ფიალები და ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი მსახურების განმავლობაში მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველთ უფლის სახლში.
- 15მოხუცდა იეჰოიადაყი, გაძღა დღეებით და გარდაიცვალა; ას ოცდაათი წლისა იყო იგი, როცა მოკვდა.
- 16დავითის ქალაქში, მეფეებთან დაკრძალეს იგი, რადგან კეთილს ჩადიოდა ისრაელში, ღვთისა და მისი სახლისთვის.
- 17მოვიდნენ იუდას მთავარნი იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ და თაყვანი სცეს მეფეს; ამის შემდეგ იწყო მეფემ მათთვის ყურის გდება.
- 18მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის სახლი და ემსახურებოდნენ აშერებსა და კერპებს; მოვიდა უფლის მრისხანება იუდასა და იერუსალიმზე მათი დანაშაულის გამო.
- 19უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ უფალთან მოსაბრუნებლად და მოწმობდნენ ისინი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ისმენდნენ.
- 20ღვთის სულმა მოიცვა ზაქარიაჰუ იეჰოიადაყ მღვდლის ძე; გადმოდგა იგი და უთხრა ხალხს: „ასე ამბობს ღმერთი: რად უგულებელჰყოფთ უფლის ბრძანებებს? ხელი არ მოგემართებათ, რადგან მიტოვებული გყავთ უფალი და მანაც მიგატოვათ!”
- 21შეითქვნენ მის წინააღმდეგ და ჩაქოლეს იგი მეფის ბრძანებით უფლის სახლის ეზოში.
- 22არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”
- 23აღდგა მის წინააღმდეგ არამელთა ლაშქარი წლის დასასრულს. მივიდნენ იუდასა და იერუსალიმში, ერის ყოველი მთავარი მოსრეს და მთელი ართმეული ნადავლი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
- 24თუმცა მცირე ხალხით მივიდა არამელთა ლაშქარი, დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში უფალმა, რადგან მიატოვეს იუდევლებმა უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. იოაშსაც დაედო მსჯავრი.
- 25როცა მისგან წავიდნენ, დიდად დასნეულებული დატოვეს იგი; შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისივე მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის ძის სისხლის გამო და თავისივე სარეცელზე მოკლეს. დავითის ქალაქში დაკრძალეს იგი, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
- 26ესენი ამბოხდნენ მის წინააღმდეგ: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა
- 27და სამი ძე მისი. ეს ხუთნი მიუხდნენ მას და მოკლეს. აჰა, მეფეთა წიგნში წერია მის წინააღმდეგ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებსა და ღვთის სახლის განახლებაზე. მის ნაცვლად კი ამაცია, მისი ძე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი