2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1წაიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყუზია, რომელიც თექვსმეტი წლისა იყო მაშინ და გაამეფეს მამამისის, ამაციას ნაცვლად.
- 2მან ააშენა და დაუბრუნა იუდას ელოთი, მას შემდეგ, რაც მეფემ თავის მამებთან განისვენა.
- 3თექვსმეტი წლისა იყო ყაზარია, როცა გამეფდა და ორმოცდათორმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო იექოლია, იერუსალიმელი.
- 4სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაცია, მამამისი.
- 5ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.
- 6გამოვიდა და ებრძოდა ფილისტიმელებს, გაარღვია გათის, იაბნესა და აშდოდის გალავანი. ქალაქები გააშენა აშდოდსა და ფილისტიმში.
- 7შეეწია ღმერთი ყუზიას ფილისტიმელების, გურ-ბაყალში მცხოვრები არაბებისა და მეყუნიმელების წინააღმდეგ;
- 8ხარკს უხდიდნენ ყამონელნი ყუზიას და ეგვიპტემდე განითქვა მისი სახელი, რადგან დიდად გაძლიერდა იგი.
- 9კოშკები ააშენა ყუზიამ იერუსალიმში, კუთხეთა კარიბჭეებზე, ხეობის კარიბჭესა და ყველა კიდეზე და გაამაგრა ქალაქი.
- 10ააშენა კოშკები უდაბნოში და ჭები ამოკვეთა, რადგან დიდძალი საქონელი ყავდა მას ბარსა და ვაკეზე; აგრეთვე მიწათმოქმედნი და მევენახენი - ქარმელის მთებზე, რადგან მიწის მოყვარული იყო.
- 11მებრძოლი ჯარი ჰყავდა ყუზიას; ომში რაზმებად გამოდიოდა, თვლითა და სიის მიხედვით, რომელიც იეყიელ მწერლისა და მაყასეიაჰუ ზედამხედველის ხელით იყო შედგენილი, ხანანიას, მეფის ერთ-ერთი მთავრის ხელმძღვანელობით.
- 12მთელი რიცხვი მამისსახლთა მამაცი მეთაურებისა ორი ათას ექვსასი იყო.
- 13მათ ხელთ სამასშვიდიათას ხუთასიანი ჯარი იყო, რომელიც დიდი თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ.
- 14გაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარ-შუბი და მუზარადები, აბჯრები, მშვილდი და სატყორცნი ქვები.
- 15გააკეთა იერუსალიმში გამომგონებელთა მიერ გამოგონებული მანქანები, რათა კოშკებსა და კუთხეებზე დაედგა ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად. შორს განითქვა მისი სახელი, რადგან საკვირველი შეწევნა ჰქონდა, ვიდრე არ გაძლიერდა.
- 16როცა გაძლიერდა, გაუამაყდა გული თავის დასაღუპად, უღალატა უფალს, თავის ღმერთს და სამსხვერპლოზე საკმევად შევიდა უფლის ტაძარში.
- 17უფლის ოთხმოც მამაც მღვდელთან ერთად შეჰყვა მას ყაზარია მღვდელი.
- 18გადაეღობნენ მეფე ყუზიას და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზია, უფლისთვის კმევა, არამედ მღვდლებს, აჰარონის ძეთ, რომლებიც კმევისთვის არიან დადგენილნი; გადი საწმიდრიდან, რადგან უმართლოდ მოიქეცი და არ გექნება პატივი ღვთისგან”.
- 19განრისხდა ყუზია, ხელში კანდელი ეპყრა საკმევლად; აჰა, მღვდლებზე განრისხებისას კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
- 20მიუბრუნდნენ მას ყაზარია მღვდელმთავარი და ყოველი მღვდელი და, აჰა, მთელი შუბლი კეთროვანი აქვს. სწრაფად გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა, რადგან უფალმა დალახვრა იგი.
- 21სიკვდილის დღემდე კეთროვანი იყო მეფე ყუზია და კეთროვანისთვის გამოყოფილ სახლში იჯდა, რადგან მოკვეთილ იქნა უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი განაგებდა მეფის სასახლეს და განიკითხავდა ქვეყნის ხალხს.
- 22ყუზიას დანარჩენი საქმენი, პირველიც და უკანასკნელიც, წინასწარმეტყველმა ესაია ამოცის ძემ აღწერა.
- 23განისვენა ყუზიამ თავის მამებთან და საფლავების ველზე დაკრძალეს იგი, რომელიც მეფეთათვის იყო. რადგან ამბობდნენ, კეთროვანიაო. მის ნაცვლად კი იოთამი, მისი ძე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი