2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტ წელს იმეფა იერუსალიმში.
- 2იმას აკეთებდა, რაც მართებული იყო უფლის თვალში და თავისი მამის, დავითის გზით დადიოდა; არ გადაუხვია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
- 3თავისი მეფობის მერვე წელს, თუმცა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, მამამისის, დავითის ღმერთის ძიება დაიწყო; მეთორმეტე წელს კი იწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა გორაკებისა და აშერებისგან, ქანდაკებებისა და ჩამოსხმული კერპებისგან.
- 4მისი თანდასწრებით დაანგრიეს ბაყალთა სამსხვერპლოები; მათზე ამაღლებული მზის გამოსახულებები აჩეხა. მტვრად აქცია აშერები, ქანდაკებები და სვეტები, და მათი მტვერი, მათთვის შემწირავთა საფლავებზე მოაბნია.
- 5ქურუმთა ძვლები მათ სამსხვერპლოებზე დაწვა და გაწმინდა იუდა და იერუსალიმი;
- 6იგივეს აკეთებდა მენაშეს, ეფრემისა და სიმონის ქალაქებში, ნაფთალის ტომამდე და მათ ირგვლივ დასახლებებში.
- 7დაანგრია სამსხვერპლოები, გააცამტვერა აშერები და ქანდაკებები და მთელ ისრაელში მოჰკვეთა მზის გამოსახულებები და დაბრუნდა იერუსალიმში.
- 8თავის გამეფების მეთვრამეტე წელს, როცა ქვეყანა და სახლი გაწმიდა, წარგზავნა შაფან აცალიას ძე, ქალაქის თავი მაყასია და იოახ მწერალი, იოახაზის ძე, უფლის, თავისი ღმერთის სახლის გასამაგრებლად.
- 9ისინი მღვდელმთავარ ხილკიასთან მივიდნენ და ღვთის სახლში მიტანილი ფული მისცეს, რომელიც ლევიანებმა და კარიბჭის მცველებმა აკრიფეს მენაშეს, ეფრემის, სხვა ისრაელიანების, მთელი იუდასა და ბენიამინის ხელიდან და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
- 10მათ ხელოსნებსა და მათ ზედამხედველებს გადასცეს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ხელოსნებმა კი ის მის შესაკეთებლად გამოიყენეს.
- 11ხუროებსა და მშენებლებსაც მისცეს, თლილი ქვებისა და შემაერთებელი ძელების საყიდლად, რათა ის სახლები გადაეხურათ, იუდას მეფეებმა რომ დაარბიეს;
- 12კაცები საქმეს პატიოსნად აკეთებდნენ. მათი ზედამხედველები ლევიანები იყვნენ: იახათი და ობადია, მეარიას ძენი და ზაქარია და მეშულამი კოჰათელთაგან; და ყველა ლევიანი, ვინც მუსიკალურ საკრავებში იყო დახელოვნებული.
- 13მტვირთავებსაც ზედამხედველობდნენ და ყოველი სამუშაოს მკეთებლებს ხელმძღვანელობდნენ; ლევიანთაგან იყვნენ მწერლებიც, ზედამხედველნიც და კარიბჭის მცველნიც.
- 14როცა უფლის სახლში მიტანილი ფული გამოჰქონდათ, ხილკია მღვდელმა მოსეს ხელით მიცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა.
- 15უთხრა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: რჯულის წიგნი ვიპოვეო უფლის სახლში! და ეს წიგნი შაფანს მისცა ხილკიამ.
- 16მეფეს მიუტანა წიგნი შაფანმა და მოახსენა: „ყოველივე, რაც შენი მსახურების ხელს ჩაბარდა, კეთდება.
- 17გადმოყარეს ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში იპოვებოდა და სამუშაოთა ზედამხედველებსა და მომუშავეებს ხელში გადასცეს”.
- 18უთხრა მეფეს შაფან მწიგნობარმა: „წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა”. და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე.
- 19როცა მეფემ რჯულის სიტყვები მოისმინა, შემოიხია სამოსელი.
- 20უბრძანა მეფემ ხილკიას, ახიკამ შაფანის ძეს, აბდონ მიხას ძეს, შაფან მწიგნობარსა და ასაიას, მეფის მსახურს:
- 21„წადით, ჰკითხეთ უფალს ჩემზე, დანარჩენ ისრაელზე, იუდაზე და აღმოჩენილი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის გულისწყრომა, რომელიც გადმოაფრქვია ჩვენზე, რაკი არ დაიცვეს ჩვენმა მამებმა უფლის სიტყვა, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია”.
- 22ხილკია და ისინიც, რომლებიც მეფესთან იყვნენ, წავიდნენ ხულდა წინასწარმეტყველ ქალთან, თოკჰათის ძის, სამოსელთა მცველის ხასრას ვაჟის, შალუმის ცოლთან, რომელიც იერუსალიმში მკვიდრობდა და უთხრეს მას ამის შესახებ.
- 23უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით კაცს, რომელმაც ჩემთან მოგავლინათ,
- 24ასე ამბობს-თქო უფალი: მოვუვლენ ბოროტს ამ ადგილს და მის მკვიდრთ, წიგნში აღწერილ მთელ წყევლას, რომლებიც წაიკითხეს იუდას მეფის წინაშე
- 25იმისათვის, რომ მიმატოვეს, რათა სხვა ღმერთებს უკმიონ და გამომიწვიონ თავის ხელთა ნამოქმედარით; ამიტომ გადმოიღვრება ჩემი რისხვა ამ ადგილზე და აღარ დაცხრება!
- 26ასე უთხარით უფალთან შესაკითხად თქვენს წარმომგზავნელ იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმ სიტყვათა შესახებ, რომლებიც მოისმინე:
- 27რადგან გული მოგილბა და დამდაბლდი ღმერთის წინაშე, როცა მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე; დამდაბლდი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და იტირე, მეც შევისმინე შენი!
- 28აჰა, შეგძენ შენ შენს მამებს და მშვიდობით შეეძინები შენს საფლავს; არ იხილავს შენი თვალები ყველა იმ ბოროტებას, რომელსაც მოვუვლენ ამ ადგილს და მის მკვიდრთ!” - აუწყეს მეფეს ეს სიტყვა.
- 29წარგზავნა მეფემ მალემსრბოლნი და შეკრიბა იუდასა და იერუსალიმის ყოველი უხუცესი.
- 30ავიდა მეფე უფლის სახლში და იუდას ყოველი მცხოვრები, იერუსალიმის მკვიდრნი, ღვთისმსახურნი, ლევიანნი და მთელი ხალხი, უფროსიდან უმცროსამდე; და წაიკითხეს მათ გასაგონად ყველა სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში აღმოჩნდა.
- 31შედგა მეფე თავის კვარცხლბეკზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ უფალს გაჰყვებოდა და დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და წესდებებს - მთელი თავისი გულითა და გონებით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების აღსასრულებლად.
- 32აღთქმაში შეიყვანა ყოველი, იერუსალიმსა და ბენიამინის მხარეში მყოფი; და აღასრულეს იერუსალიმის მკვიდრთ უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა.
- 33ყველა სისაძაგლე განაშორა იოშიამ, რაც კი ისრაელის ძეებს გააჩნდათ მთელ ქვეყანაში; ყველა, ვინც ისრაელში იყო, უფალს, თავის ღმერთს ამსახურა. არ გადაუხვევიათ და მთელ მის სიცოცხლის დღეებში მიჰყვებოდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
იტვირთება შემდეგი თავი