2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
- 2მაგრამ ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში იმ ერების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელის ძეთაგან.
- 3კვლავ ააშენა მაღლობები, ხიზკიაჰუმ, მამამისმა რომ დაანგრია; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, აშერი დარგო, თაყვანს სცემდა მთელ ციურ ლაშქარს და მათ ემსახურებოდა.
- 4სამსხვერპლოები ააშენა უფლის სახლში, რომელზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: "იერუსალიმში იქნება ჩემი სახელი სამარადისოდ”
- 5სამსხვერპლოები აუშენა მთელ ციურ ლაშქარს უფლის სახლის ორივე ეზოში.
- 6ცეცხლში ატარებდა თავის ძეებს ბენ-ჰინომის ველზე. მარჩიელობდა, მისნობდა, ჯადოქრობდა და მესულთანეებთან იჭერდა საქმეს; ბევრ ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.
- 7ღმერთის სახლში, მის მიერ გამოთლილი კერპი აღმართა, რომელზეც უთხრა ღმერთმა დავითსა და მის ძეს სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა ტომიდან, საუკუნოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს;
- 8აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მათ მამებს მივეცი, თუ მოიქცევიან იმ რჯულის, წესებისა და მცნებების თანახმად, მოსეს მეშვეობით რომ ვამცნეო მათ!
- 9მაგრამ აცდუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ერებზე მეტ ბოროტებას სჩადიოდნენ, უფალმა რომ გაანადგურა ისრაელის ძეთა წინაშე.
- 10ელაპარაკა უფალი მენაშეს და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს.
- 11და გამოიყვანა მის წინააღმდეგ უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები, კაუჭებით შეიპყრეს მენაშე, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს.
- 12გაჭირვების დროს შეევედრა მენაშე უფალს, თავის ღმერთს და ძლიერ დაიმდაბლა თავი თავისი მამების ღმერთის წინაშე.
- 13ილოცა მის მიმართ და ღმერთმაც ისმინა მისი ვედრება და იერუსალიმში, თავის სამეფოში დააბრუნა იგი. მიხვდა მენაშე, რომ უფალია ღმერთი.
- 14ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზის კარიბჭის შესასვლელამდე; გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა. ასევე მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.
- 15მოაშორა უფლის სახლიდან უცხო ღმერთები და კერპი, ასევე სამსხვერპლოები, რომლებიც მან ააშენა უფლის სახლის მთაზე და იერუსალიმში და ქალაქის გარეთ გადაყარა.
- 16აღადგინა უფლის სამსხვერპლო და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელი მსხვერპლები და უბრძანა იუდევლებს, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.
- 17მაგრამ ხალხი მაინც მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ უფალს, მხოლოდ თავის ღმერთს.
- 18მენაშეს დანარჩენი საქმეები, მისი ლოცვა თავის ღმერთის მიმართ და იმ მხილველთა სიტყვები, რომლებიც მას ისრაელის ღმერთის, უფლის სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
- 19მისი ლოცვა და ის, რომ ღმერთმა ისმინა მისი, მისი ცოდვები და ორგულობა, მაღლობები რომ ააშენა, აშერები და კერპები რომ აღმართა, ყველაფერი მის დამდაბლებამდე, აჰა, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.
- 20მიიძინა მენაშემ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავის სახლში. მის ნაცვლად კი ამონი, მისი ძე გამეფდა.
- 21ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა და ორი წელი იმეფა იერუსალიმში.
- 22ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე; მენაშეს, მამამისის მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და ემსახურებოდა მათ.
- 23არ დაიმდაბლა თავი უფლის წინაშე, როგორც მამამისმა, მენაშემ დაიმდაბლა, არამედ უფრო მეტად გაამრავლა დანაშაული.
- 24შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მსახურები და თავის სახლში მოკლეს.
- 25დახოცა ქვეყნის ხალხმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი; და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფეს.
იტვირთება შემდეგი თავი