2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 32

  1. 1
    ამ კეთილ საქმეთა შემდეგ, სანხერიბი მოვიდა, აშურის მეფე. იუდაში შემოიჭრა, გამაგრებულ ქალაქებთან დაბანაკდა და მათ აღებას ფიქრობდა.
  2. 2
    როცა დაინახა ხიზკიაჰუმ, რომ სანხერიბი მოვიდა და იერუსალიმის დალაშქვრას ლამობს,
  3. 3
    ითათბირა თავის მთავრებთან და მებრძოლებთან და ქალაქგარე წყაროს წყლების შეკავება გადაწყვიტა; ისინიც დაეხმარნენ.
  4. 4
    უამრავი ხალხი შეიკრიბა და დაწყვიტეს ყველა წყარო და ნაკადული, რაც იმ ადგილას მოედინებოდა; თქვეს: „რად უნდა იპოვონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?”
  5. 5
    მხნეობა მოიკრიბა, ჩამონგრეული გალავანი მთლიანად აღადგინა და კოშკებამდე აამაღლა, გარედან სხვა კედელი მიუშენა; დავითის ქალაქში მილო გაამაგრა და მრავალი ფარ-შუბი დაამზადა.
  6. 6
    საბრძოლო მეთაურები დაუდგინა ხალხს, ქალაქის კარიბჭესთან, მოედანზე შემოიკრიბა ისინი და გულითადად ელაპარაკა:
  7. 7
    „განმტკიცდით და გამხნევდით, ნუ შეშინდებით და ნუ შეუკრთებით აშურის მეფეს და მთელ მის ურდოს, რადგან ის უფრო დიდია, ვინც ჩვენთანაა, ვიდრე ის, ვინც მათთან.
  8. 8
    მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი, უფალი, ჩვენი ღმერთია, რათა შეგვეწიოს და ჩვენს ომებში იბრძოლოს!” და გამხნევდა ხალხი ხიზკიაჰუს, იუდას მეფის სიტყვების გამო.
  9. 9
    ამის შემდეგ გაგზავნა სანხერიბმა, აშურის მეფემ, თავისი ელჩები იერუსალიმს, თვითონ კი მთელი თავისი ძალებით ლაქიში მოაქცია ალყაში; წარგზავნა ხიზკიაჰუსთან, იუდას მეფესთან და ყველა იუდეველთან, რომელიც იერუსალიმში იყო და შეუთვალა:
  10. 10
    „ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ მაგ ალყაშემორტყმულ იერუსალიმში?
  11. 11
    განა არ გაცდუნებთ ხიზკიაჰუ, რათა შიმშილით და წყურვილით ამოგხოცოთ, როცა გეუბნებათ, უფალი, ღმერთი ჩვენი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?
  12. 12
    განა თვითონვე არ დაანგრია ხიზკიაჰუმ მისი მაღლობნი და სამსხვერპლონი და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ერთ სამსხვერპლოსთან უნდა ეთაყვანოთ და აკმიოთო?
  13. 13
    განა არ იცით, რა დავმართეთ მე და ჩემმა მამებმა სხვა მიწის ხალხებს? განა შეძლეს მათმა ღმერთებმა მათი ქვეყნების დახსნა ჩემი ხელიდან?
  14. 14
    იმ ხალხთაგან, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ მოსპო, რომლის ღმერთმა შეძლო თავისი ხალხის დახსნა ჩემი ხელიდან? აბა, როგორღა შეძლებს თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან თქვენს გამოხსნას?
  15. 15
    ახლა არ გაცდუნოთ ხიზკიაჰუმ და არ მოგატყუოთ. ნუ ერწმუნებით მას, რადგან ვერ შეძლო ვერცერთი ერის ღმერთმა თავისი ხალხის სამეფოს ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელთაგან, აბა, როგორღა შეძლებს თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან თქვენს გამოხსნას?
  16. 16
    კიდევ ბევრი ილაპარაკეს მისმა ელჩებმა უფალი ღმერთისა და მისი მსახურის, ხიზკიაჰუს წინააღმდეგ.
  17. 17
    დაწერა მან უფლის, ისრაელის ღმერთის საგმობი წერილები, თან ამბობდა: როგორც ქვეყნის ღმერთებმა ვერ იხსნეს თავიანთი ხალხები ჩემი ხელიდან, ისე ვერ იხსნის ხიზკიაჰუს ღმერთი თავის ხალხს ჩემი ხელიდან.
  18. 18
    ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ იერუსალიმის ხალხის ენაზე იუდევლებს, რომლებიც გალავანზე იყვნენ, რომ შეეშინებინათ, დაეფრთხოთ და დაეპყროთ ქალაქი.
  19. 19
    ისე მოიხსენიებდნენ იერუსალიმის ღმერთს, როგორც ადამიანის ხელით შექმნილ დედამიწის ხალხთა სხვა ღმერთებს.
  20. 20
    ლოცულობდნენ მეფე ხიზკიაჰუ და წინასწარმეტყველი ესაია, ამოცის ძე და შეჰღაღადებდნენ ზეცას.
  21. 21
    წარგზავნა უფალმა ანგელოზი აშურის მეფის ბანაკში და დასცა ყოველი ძლევამოსილი და მამაცი სარდალი. პირშერცხვენილი დაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში, შევიდა თავისი ღმერთის ტაძარში და მახვილით მოკლეს საკუთარმა ძეებმა.
  22. 22
    იხსნა უფალმა ხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი სანხერიბის, აშურის მეფისა და ყველა მასთანმყოფის ხელიდან და მშვიდობა მისცა ყოველი მხრიდან.
  23. 23
    მრავალმა მოიტანა ძღვენი უფლისთვის და ძვირფასი საჩუქრები ხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის, იერუსალიმში და ამაღლებულ იქნა იგი ყველა ხალხის თვალში ამის შემდეგ.
  24. 24
    იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს, ისიც ელაპარაკა მას და ნიშანი მისცა.
  25. 25
    მაგრამ სათანადო პატივი არ მიაგო უფალს ხიზკიაჰუმ, მის მიმართ გამოვლენილი სიკეთის გამო, ვინაიდან გული გაუამაყდა. ამიტომ რისხვა მოვიდა მასზე, იუდასა და იერუსალიმზე.
  26. 26
    გული დაიმდაბლეს ხიზკიაჰუმ და იერუსალიმის მკვიდრთ და აღარ მოსულა მათზე უფლის მრისხანება ხიზკიაჰუს დღეებში.
  27. 27
    აურაცხელი სიმდიდრე და დიდება ჰქონდა ხიზკიაჰუს; გაიკეთა თავისთვის საგანძურები ოქროსა და ვერცხლის, ძვირფასი ქვების, კეთილსურნელებების, ფარებისა და ყოველგვარი სანუკვარი ჭურჭლისთვის,
  28. 28
    და ბეღლები - ხორცის, მარცვლეულის, მაჭრისა და ზეთისთვის და სადგომები - ყოველგვარი საქონლისა და ფარისთვის.
  29. 29
    თავისთვის ქალაქები აიშენა და ფრიად გაიმრავლა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, რადგან დიდძალი ქონება მისცა მას ღმერთმა.
  30. 30
    ხიზკიაჰუმ დაგმანა ზედა გიხონის წყლის სადინარი და ქვემოთ, დავითის ქალაქის დასავლეთისკენ მიაქცია იგი. ყველა საქმეში წარმატებას აღწევდა ხიზკიაჰუ.
  31. 31
    ერთხელ, ბაბილონის მთავართა ელჩების ჩამოსვლისას, რომლებიც მის ქვეყანაში მომხდარი საკვირველების გამოსაკვლევად გამოგზავნეს, თავის ნებაზე მიუშვა ღმერთმა მეფე, რათა გამოეცადა იგი და გაეგო, რა ედო გულში.
  32. 32
    აჰა, ხიზკიაჰუს დანარჩენი სიტყვა და კეთილი საქმე, წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის ხილვაშია აღწერილი, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნში.
  33. 33
    განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ძეთა სამარხების აღსავალზე. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდგომ, მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად კი მენაშე, მისი ძე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი
2 ნეშტთა 32 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა