2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1გაასრულეს რა ეს ყოველივე, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დაამსხვრიეს სვეტები, აჩეხეს აშერები, დაანგრიეს მაღლობები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემსა და მენაშეში, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურეს. ამის შემდეგ ისრაელის ყოველი ძე თავ-თავის სამფლობელოსა და ქალაქში დაბრუნდა.
- 2დააყენა ხიზკიაჰუმ მღვდლები და ლევიანები, თავ-თავისი დასების მიხედვით, თავ-თავისი მსახურების შესასრულებლად. მღვდლები და ლევიანები - სრულადდასაწველების და სამშვიდობო შესაწირების მსახურებად, უფლის ბანაკის კარიბჭეში, მადლიერებისა და ქების აღსავლენად.
- 3თავისი ქონების ნაწილი სრულადდასაწველთათვის გამოყო მეფემ: დილისა და საღამოს სრულადდასწველთათვის, შაბათების, ახალმთვარობათა და დადგენილი დღესასწაულებისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.
- 4უბრძანა იერუსალიმის მკვიდრთ, რომ თავისი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისა და ლევიანებისთვის, რათა მთლიანად უფლის რჯულისთვის ყოფილიყვნენ მიძღვნილნი.
- 5როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელის ძეებმა ხორბლის, ახალი ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის მთელი მოსავლის პირველნაყოფი და ამასთან ერთად, ყველაფრის მეათედიც მოიტანეს უხვად.
- 6ისრაელის ძეებს და იუდას ქალაქებში მცხოვრებლებსაც მოჰქონდათ ხარების, ცხვრების და განწმედილთა მეათედი, რომელიც უფლისთვის, თავისი ღმერთისთვის ჰქონდათ გამოყოფილი; მოიტანეს და გროვად დაახვავეს.
- 7მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში დაასრულეს.
- 8მოვიდნენ ხიზკიაჰუ და მთავრები, დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ხალხი ისრაელი.
- 9ჰკითხა ხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების შესახებ.
- 10მიუგო მას მღვდელმთავარმა ყაზარიამ, ცადოკის სახლეულიდან: "როცა უფლის სახლში შემოწირულობათა მოტანა დაიწყეს, დანაყრებამდე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ხალხი და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა”.
- 11ბრძანა ხიზკიაჰუმ ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში; და მოამზადეს.
- 12ერთგულად მოჰქონდათ შემოწირულობანი, მეათედები და უფლისადმი მიძღვნილი ნივთები, რომელთა გამგებლად ლევიანი ქანანია დააყენეს და მისი ძმა შიმყი კი მეორე კაცად - მის მერე.
- 13იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმახიაჰუ, მახათი და ბენაიაჰუ მეთვალყურეები იყვნენ ქანანიასა და შიმყის, მისი ძმის ხელქვეით, მეფე ხიზკიაჰუსა და ყაზარიას, უფლის სახლის განმგებლის, ბრძანებით.
- 14კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი, ღმერთისადმი ნებაყოფლობით შენაწირის ზედამხედველი, რათა გაეცა უფლისთვის შემოწირული და წმინდა ნივთები.
- 15მისი ძალაუფლების ქვეშ, მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იეშუა, შემაყიაჰუ, ამარიაჰუ და შექანიაჰუ, რომ სამართლიანად გაენაწილებინათ თავიანთი ძმებისთვის, მათი დასების მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის.
- 16უნაწილებდნენ ყველას, სამი წლის ასაკიდან მოყოლებულ ყველა მამაკაცს, მათი საგვარტომო ნუსხის აღრიცხვისდა მიუხედავად, ვინც კი უფლის სახლში მოვიდოდა ყოველდღიურ საქმეზე, მსახურებისთვის, თანამდებობისა და დასების მიხედვით;
- 17ოც წელს გადაცილებული, საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, მათი მამისსახლების მიხედვით, თანამდებობისა და დასების მიხედვით.
- 18საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი, ყველა მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის, ცოლებისთვის, ძეებისა და ასულებისთვის, მთელი კრებულისთვის, ვინაიდან მთელი ერთგულებით განიწმიდნენ უფლისთვის სამსახურად.
- 19ხოლო აჰარონის ძეებისთვის - მღვდლებისთვის, რომლებიც მათი ქალაქების ირგვლივ მდებარე მინდვრებზე იყვნენ გასულები, კაცები განუწესეს სახელდებით ყველა ქალაქში, რომ წილი მიეცათ ყველა მღვდლისა და საგვარტომო ნუსხაში აღრიცხული ყველა ლევიანისთვის.
- 20ასე მოიქცა ხიზკიაჰუ მთელს იუდაში და გააკეთა ის, რაც სამართლიანი და ჭეშმარიტი იყო უფლის, თავისი ღვთის წინაშე.
- 21ყველა საქმეში, რაც კი წამოიწყო ღვთის სახლის მომსახურებისთვის, რჯული იყო თუ მცნებები, ყველაფერში მთელი გულით ეძებდა თავის ღმერთს და წარმატებას აღწევდა.
იტვირთება შემდეგი თავი