2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1შეუთვალა ხიზკიაჰუმ მთელ ისრაელსა და იუდას; წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მისულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლის, ისრაელის ღმერთის პასექის აღსასრულებლად.
- 2გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და იერუსალიმის მთელმა კრებულმა, რომ მეორე თვეში აღესრულებინათ პასექი,
- 3რადგან დადგენილ დროს არ შეეძლოთ მისი აღსრულება, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მღვდლები განწმედილნი და ვერ შეიკრიბა ხალხი იერუსალიმში.
- 4სამართლიანი ჩანდა ეს მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
- 5გამოაცხადეს მთელ ისრაელში, ბეერ-შებაყიდან დანამდე, რომ იერუსალიმში ამოსულიყვნენ პასექის აღსასრულებლად უფლის, ისრაელის ღმერთისთვის, რადგან ხანგრძლივი დროის მანძილზე არ აღესრულებინათ იგი დაწერილისამებრ.
- 6მოიარეს წარგზავნილებმა მთელი ისრაელი და იუდა მეფისა და მისი მთავრების დადგენილებით და აცხადებდნენ მეფის ბრძანებისამებრ: „ისრაელის ძენო! დაუბრუნდით უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს და ისიც დაგიბრუნდებათ თქვენ, აშურის მეფეთა ხელიდან გადარჩენილებს!
- 7ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები და ძმები, რომელთაც უორგულეს უფალს, თავისი მამების ღმერთს და ამიტომ გასატიალებად გასწირა ისინი, როგორც ხედავთ.
- 8ახლა თქვენი მამებივით ქედს კი ნუ გაიმაგრებთ, არამედ დამორჩილდით უფალს და შედით მის საწმიდარში, რომელიც მან საუკუნოდ განწმიდა; ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მწველი რისხვა.
- 9თუ დაუბრუნდებით უფალს შებრალებულნი იქნებიან თქვენი ძმები და შვილები თავის დამატყვევებელთა წინაშე და დაუბრუნდებიან ამ ქვეყანას; ვინაიდან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი და თუ დაუბრუნდებით, სახეს არ მიაბრუნებს თქვენგან”.
- 10ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ მალემსრბოლნი - ეფრემისა და მენაშეს ქვეყანაში ზებულონამდე და ყველგან ამასხარავებდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
- 11მხოლოდ ზოგიერთებმა აშერის, მენაშესა და ზებულონის ტომთაგან დაიმდაბლეს თავები და მოვიდნენ იერუსალიმში.
- 12იუდაზეც იყო ღვთის ხელი, რათა მიეცა მათთვის ერთი გული, მეფისა და მთავრების ბრძანების აღსასრულებლად, უფლის სიტყვისამებრ.
- 13მრავალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმში უფუარობის დღესასწაულის აღსასრულებლად, მეორე თვეს, დიდი იყო კრებული.
- 14ადგნენ და ამოძირკვეს სამსხვერპლონი, რომლებიც იერუსალიმში იყო; განიშორეს ყოველი სასაკმევლე და კედრონის ხევში გადაყარეს.
- 15დაკლეს საპასექო მსხვერპლები მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, თავები განიწმინდეს და სრულადდასაწველები მოიტანეს უფლის სახლში.
- 16იდგნენ თავ-თავიანთ ადგილებზე, მოსეს, ღვთის კაცის რჯულის წესისამებრ. მღვდლები ლევიანთა ხელიდან აღებულ სისხლს აპკურებდნენ.
- 17ვინაიდან ბევრი იყო განსაწმენდი კრებულში, ამიტომ ლევიანები კლავდნენ საპასექო მსხვერპლებს ყველასთვის, ვინც სუფთა არ იყო, რათა განეწმიდათ ისინი უფლისთვის.
- 18ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემის, მენაშეს, ისაქარისა და ზებულონის ტომებიდან, არ განწმენდილა, მაგრამ მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ, რადგან ასე ილოცა მათთვის ხიზკიაჰუმ: „სახიერმა უფალმა აპატიოს
- 19ყველას, ვინც გული მოიმზადა ღმერთის, უფლის, თავისი მამების ღმერთის საძიებლად, თუმცა საწმიდრის წესით არ განწმენდილან”.
- 20ისმინა უფალმა ხიზკიაჰუსი და აპატია ხალხს.
- 21დიდი სიხარულით აღასრულებდნენ იერუსალიმში მყოფი ისრაელის ძენი უფუარობის დღესასწაულს შვიდი დღე. დიდი სიხარულით აქებდნენ უფალს ლევიანები და მღვდლები დღითი დღე ხმაურიანი საკრავებით და განადიდებდნენ მას.
- 22გულითადად ესაუბრებოდა ხიზკიაჰუ ყოველ ლევიანს, რომელიც სათანადოდ იცნობდა უფალს და ჭამდნენ დღესასწაულის შვიდ დღეს, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლებს და ახსენებდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
- 23გადაწყვიტა მთელმა კრებულმა, რომ კიდევ შვიდი დღე ეზეიმათ და ხარობდნენ მომდევნო შვიდ დღეს.
- 24რადგან შესწირა კრებულს ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, ათასი მოზვერი და შვიდი ათასი წვრილფეხა საქონელი. მთავრებმა კი ათასი მოზვერი და ათი ათასი წვრილფეხა საქონელი შესწირეს კრებულს. და მრავალი მღვდელი განიწმიდა.
- 25იუდას მთელი კრებული ხარობდა: მღვდლები, ლევიანნი, ისრაელიდან მოსულები. ისინიც, ვინც ისრაელიდან გადმოსახლდა და იუდაში დამკვიდრდა.
- 26დიდი მხიარულება სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონ დავითის ძის დღიდან აღარ ყოფილა ამგვარი რამ იერუსალიმში.
- 27წამოიმართნენ მღვდლები და ლევიანები და აკურთხეს ხალხი; შესმენილ იქნა მათი ხმა უფლის მიერ და მიაღწია მათმა ლოცვამ ზეცამდე, მის წმიდა სამყოფელამდე.
იტვირთება შემდეგი თავი