2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1ოცდახუთი წლის გამეფდა ხიზკიაჰუ და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო აბია, ზაქარიას ასული.
- 2სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა.
- 3მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და შეაკეთა ისინი.
- 4მოიყვანა მღვდლები, ლევიანები და აღმოსავლეთის მოედანზე შეკრიბა.
- 5უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! ახლა, განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის სახლი და გამოიტანეთ უწმიდურება წმიდა ადგილიდან.
- 6რადგან შესცოდეს ჩვენმა მამებმა, ბოროტად იქცეოდნენ უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვეს იგი, პირი იბრუნეს უფლის სამყოფელისგან და ზურგი აქციეს მას.
- 7ჩაკეტეს დარბაზის კარები და ჩააქრეს ლამპრები, აღარც საკმეველს აკმევდნენ და აღარც სრულადდასაწველებს აღუვლენდნენ წმიდა ადგილზე ისრაელის ღმერთს.
- 8უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს და გადასცა ისინი ნგრევას, გატიალებასა და შერცხვენას, როგორც თქვენი თვალით ხედავთ.
- 9აჰა, მახვილით დაეცნენ ჩვენი მამები; ჩვენი ძეები, ასულები და ცოლები კი ტყვეობაში არიან ამის გამო.
- 10ახლა გულით მსურს აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი მწველი რისხვა.
- 11ჩემო ძეებო, ნუ იქნებით დაუდევარნი! რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა მის წინაშე მდგარიყავით, გემსახურათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით”.
- 12ადგნენ ლევიანები: კეჰათის ძეთაგან - მახათ ყამასაის ძე და იოელ ყაზარიას ძე; მერარის ძეთაგან - კიში ყაბდიას ძე და ყაზარია იეჰალელელის ძე; გერშონის ძეთაგან - იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე.
- 13ელიცაფანის ძეთაგან - შიმრი და იეყიელი; ასაფის ძეთაგან - ზაქარია და მათანია;
- 14ჰემანის ძეთაგან - იეხიელი და შიმყი; იედუთუნის ძეთაგან - შემაყია და ყუზიელი.
- 15შეკრიბეს თავიანთი ძმები და განიწმიდნენ. მივიდნენ მეფის ბრძანებით, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.
- 16შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდა ოთახში დასასუფთავებლად და გამოიტანეს ყველაფერი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარში და მის ეზოში იპოვეს; აიღეს ლევიანებმა ეს უწმიდურება, გამოიტანეს და კედრონის ხევში გადაყარეს.
- 17პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმენდა, თვის მერვე დღეს კი უფლის დარბაზში შევიდნენ; რვა დღეს წმინდეს უფლის სახლი და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს დაასრულეს.
- 18შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრეს: „გავასუფთავეთ უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი;
- 19ასევე მთელი ჭურჭელი, რომელიც მიატოვა მეფე ახაზმა თავის მეფობაში ორგულობის გამო - ჩვენ მოვამზადეთ და განვწმიდეთ. აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინაშეა ისინი”.
- 20დილაადრიანად ადგა მეფე ხიზკიაჰუ, შეკრიბა ქალაქის მთავრები და უფლის სახლში ავიდა.
- 21შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი, შვიდი კრავი და შვიდი ვაცი მიიყვანეს - სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის; და უბრძანა მღვდლებს, აჰარონის ძეებს, რომ უფლის სამსხვერპლოზე აღევლინათ ისინი.
- 22დაკლეს მოზვრები; აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს; დაკლეს ვერძები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს; დაკლეს კრავები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.
- 23მოიყვანეს განტევების ვაცები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაასხეს მათ.
- 24დაკლეს ისინი მღვდლებმა და მთელი ისრაელის ცოდვების გამოსასყიდად გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო; რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი.
- 25დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით, დავითისა და გადის, მეფის მხილველის და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი ბრძანების მიხედვით, რადგან ასე იყო ნაბრძანები ეს უფლის მიერ წინასწარმეტყველთა მეშვეობით.
- 26ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.
- 27ბრძანება გასცა ხიზკიაჰუმ, რომ სრულადდასაწველი აღევლინათ სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო სრულადდასაწველის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი დავითის, ისრაელის მეფის საკრავებისა და საყვირების თანხლებით.
- 28მთელი კრებული თაყვანს სცემდა; მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ; ასე გრძელდებოდა სრულადდასაწველის დამთავრებამდე.
- 29სრულადდასაწველი რომ აღასრულეს, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა ქედი მოიხარეს და თაყვანი სცეს.
- 30უბრძანეს მეფე ხიზკიაჰუმ და მთავრებმა ლევიანებს, რომ ედიდებინათ უფალი, დავითისა და ასაფ წინასწარმეტყველის სიტყვებით; ისინიც სიხარულით აქებდნენ, ქედს იხრიდნენ და თაყვანს სცემდნენ.
- 31მიუგო ხიზკიაჰუმ და თქვა: „ახლა უკვე განწმედილნი ხართ უფლისთვის; მოდით, მოიტანეთ მსხვერპლები და სამადლობელნი უფლის სახლში”. მოიტანა მთელმა კრებულმა მსხვერპლები და სამადლობელნი, ხოლო ვისაც გულით სურდა მოიტანა სრულადდასაწველი.
- 32იმ სრულადდასაწველთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ვერძი, ორასი კრავი; ყოველივე ეს უფლისთვის იყო სრულადდასაწველად.
- 33სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი.
- 34ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და ვეღარ შეძლეს სრულადდასაწველის გატყავება, ამიტომ მათი ძმები ლევიანები ეხმარებოდნენ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და სხვა მღვდლებიც არ განიწმიდნენ, რადგან ლევიანები უფრო წრფელი გულებით იწმიდებოდნენ, ვიდრე მღვდლები.
- 35თანაც უამრავი იყო სრულადდასაწველი, სამშვიდობო შესაწირის ქონთან და საღვრელ შესაწირებთან ერთად. ასე განახლდა უფლის სახლის მსახურება.
- 36გაიხარეს ხიზკიაჰუმ და მთელმა ხალხმა იმის გამო, რაც ხალხს მოუმზადა ღმერთმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი.
იტვირთება შემდეგი თავი