2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში; არ იქცეოდა სწორად უფლის თვალში, მამამისის, დავითისგან განსხვავებით.
  2. 2
    ისრაელის მეფეთა გზებით დადიოდა და ბაყალთა ქანდაკებებიც ჩამოასხა.
  3. 3
    საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე და ცეცხლში წვავდა თავის ძეებს, იმ წარმართთა საძაგელი წესისამებრ, რომლებიც უფალმა ისრაელის ძეთაგან განდევნა.
  4. 4
    სწირავდა და აკმევდა მაღლობებსა და მწვერვალებზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ.
  5. 5
    ჩააგდო იგი მისმა უფალმა ღმერთმა არამელთა მეფის ხელში; დაამარცხეს იგი და მრავალ ტყვესთან ერთად დამასკოში მიიყვანეს. გარდა ამისა, ისრაელის მეფის ხელშიც ჩააგდო, რომელმაც სასტიკად დაამარცხა.
  6. 6
    ფეკახ რემალიაჰუს ძემ, ისრაელის მეფემ, ერთ დღეში, ას ოცი ათასი იუდეველი ამოხოცა. მამაცი ვაჟკაცები, რადგან მიატოვეს მათ უფალი, თავიანთი მამების ღმერთი.
  7. 7
    დახოცა ზიხრიმ, ძლევამოსილმა ეფრემელმა, უფლისწული მაყასიაჰუ, მოურავი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის შემდეგ მეორე კაცი.
  8. 8
    დაატყვევეს ისრაელის ძეებმა თავიანთ ძმათაგან ორასი ათასი ქალი, ძე და ასული; დიდძალი ნადავლიც დაიტაცეს და მიიტანეს სამარიაში.
  9. 9
    იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: „აჰა, უფალი, თქვენი მამების ღმერთი განრისხებული იყო იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ისეთი სისასტიკით გაჟლიტეთ ისინი, რომ ზეცას მისწვდა ეს.
  10. 10
    და ახლა გინდათ, რომ იუდასა და იერუსალიმის შვილები მონებად და მხევლებად გაიხადოთ? განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე?
  11. 11
    ისმინეთ ჩემი, დააბრუნეთ ტყვეები, რომლებიც თქვენი მოძმეებისგან წამოასხით; რადგან უფლის რისხვა აღიგზნო თქვენზე”.
  12. 12
    ზოგიერთი ეფრემის ძეთა მეთაურთაგან - ყაზარია იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, ხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხადლაის ძე ბრძოლიდან მოსულთა წინააღმდეგ აღდგა.
  13. 13
    უთხრეს მათ: „ტყვეებს აქ ნუ მოიყვანთ, ნუღარ დაუმატებთ ჩვენს ცოდვა-ბრალს ჩვენსავე დანაშაულს უფლის წინაშე; რადგან დიდია ჩვენი ბრალი და ანთია უფლის რისხვა ისრაელზე”.
  14. 14
    და დატოვეს შეიარაღებულმა კაცებმა ტყვეები და ნადავლი მთავრებისა და მთელი კრებულის წინაშე.
  15. 15
    ადგნენ სახელდებით მოხსენიებული კაცები, მივიდნენ ტყვეებთან და ვინც შიშველი იყო, ნადავლიდან შემოსეს. ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს, ზეთით დაზილეს, დასუსტებულნი სახედრებზე შესვეს; მიიყვანეს იერიხოში, პალმების ქალაქში, მათ მოძმეებთან და დაბრუნდნენ სამარიაში.
  16. 16
    იმ დროს გაუგზავნა მეფე ახაზმა წერილი აშურის მეფეებს, რათა დახმარებოდნენ მას.
  17. 17
    კვლავ მოდიოდნენ ედომელნი, ხოცავდნენ იუდეველთ და ტყვეებად მიერეკებოდნენ.
  18. 18
    ფილისტიმელებიც შეესივნენ დაბლობის ქალაქებსა და იუდას სამხრეთს; დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი და გედეროთი; სოქო, თიმნა და გიმზო თავ-თავისი შემოგარენით და იქ დამკვიდრდნენ.
  19. 19
    რადგან დაამდაბლა უფალმა იუდა, ისრაელის მეფის, ახაზის გამო, ვინაიდან გარყვნა მან იუდა და დიდად განარისხა უფალი.
  20. 20
    მივიდა მასთან თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე და დახმარების ნაცვლად კიდევ უფრო შეავიწროვა იგი.
  21. 21
    მისცა ახაზმა აშურის მეფეს ხარკი უფლის სახლიდან, მეფისა და მთავართა სახლებიდან, მაგრამ ვერც ამან უშველა.
  22. 22
    ამ გაჭირვების დროს უფრო სცოდავდა უფალს მეფე ახაზი.
  23. 23
    დამასკოს ღმერთებს სწირავდა მსხვერპლს, რომლებმაც დაღუპეს იგი და ამბობდა: „რადგან ასე შველიან არამის მეფეებს მათი ღმერთები, შევწირავ მათ, იქნებ შემეწიონ”. მაგრამ ისინი იყვნენ მისი და მთელი ისრაელის დამცემი.
  24. 24
    მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და დალეწა. უფლის სახლის კარნი დაკეტა და სამსხვერპლოები გაიკეთა იერუსალიმის თითოეულ კუთხეში.
  25. 25
    იუდას ყოველ ქალაქში გააკეთა მაღლობები, რათა უცხო ღმერთებისთვის ეკმია და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი.
  26. 26
    დანარჩენი მისი ამბები და ყველა მისი საქმე, პირველი და უკანასკნელი, აღწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
  27. 27
    განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაკრძალეს ის ქალაქ იერუსალიმში, თუმცა ისრაელის მეფეთა სამარხში არ მიუსვენებიათ. მის ნაცვლად კი ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი