2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1მაშინ თქვა სოლომონმა: „თქვა უფალმა, რომ სქელ ღრუბელში დაივანებდა.
- 2სახლი ავაშენე, სავანე შენთვის და ადგილი შენი მარადიული სამყოფელისთვის!”
- 3სახე მოიბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის მთელი კრებული. ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული;
- 4თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და თავისივე ხელით აღასრულა ნათქვამი:
- 5იმ დღიდან, რაც ჩემი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, არ ამომირჩევია ქალაქი ისრაელის არცერთი ტომიდან სახლის ასაშენებლად და ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად და არც კაცი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად;
- 6მაგრამ იერუსალიმი ამოვირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად და დავითი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად!
- 7აჰა, გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
- 8უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე;
- 9ოღონდ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წელიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე!
- 10და აღასრულა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა, რადგან მე აღმადგინა დავითის, მამაჩემის ნაცვლად და დავჯექი ისრაელის ტახტზე, როგორც აღგვითქვა უფალმა და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
- 11დავდგი იქ კიდობანი, უფლის აღთქმასთან ერთად, რომელიც მან ისრაელის ძეებს დაუდო!”
- 12უფლის სამსხვერპლოს წინ დადგა სოლომონი ისრაელის მთელი კრებულის თანდასწრებით და აღაპყრო ხელები.
- 13სოლომონის მიერ გაკეთებული სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძითა და სიგანით ხუთი წყრთა, სიმაღლით კი სამი წყრთა იყო და შუა ეზოში იდგა; დადგა მასზე, დაიჩოქა ისრაელის მთელი კრებულის წინ და ზეცისკენ აღაპყრო ხელები.
- 14თქვა: „უფალო, ისრაელის ღმერთო! არავინაა შენი მსგავსი, ღმერთი, ცასა და მიწაზე, რადგან შენ უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთ, რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე.
- 15შენ შეუნახე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც შენი პირით გქონდა ნათქვამი და შენმა ხელმა აღასრულა ამ დღეს.
- 16ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, აღუსრულე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ მოისპობაო შენგან კაცი ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ დაიცვან შენმა ძეებმა თავიანთი გზები, რათა იარონ ჩემი რჯულის გზით, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.
- 17ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, დაადასტურე შენი სიტყვა, რომელიც დავითისთვის - შენი მსახურისთვის გაქვს ნათქვამი.
- 18ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი კაცთა შორის დედამიწაზე? აჰა, ცანი და ზეცა ვერ გიტევს შენ, მით უმეტეს ეს სახლი, რომელიც ავაშენე, როგორღა დაგიტევს?
- 19მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, და ისმინე ღაღადი, რომლითაც ლოცულობს მსახური შენი შენ წინაშე.
- 20რათა დღე და ღამ მიპყრობილი იყოს შენი თვალები ამ სახლზე, იმ ადგილისკენ, რომელზეც გაქვს ნათქვამი, რომ იქ დაამკვიდრებდი შენს სახელს, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც ილოცებს შენი მსახური ამ ადგილზე.
- 21უსმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის ვედრებას, როდესაც ილოცებენ ამ ადგილზე, ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან; და როცა მოისმენ - შეგვიწყალე.
- 22თუ მოყვასთაგან შესცოდოს ერთმა მეორეს და წყევლა აღევლინება ჩადენილის გამო ამ სახლში, შენი სამსხვერპლოს წინაშე,
- 23ისმინე ზეციდან, აღასრულე სამართალი და განიკითხე შენი მსახურნი, რათა თავისი ქმედებისამებრ მიაგო ბოროტს, მართალი კი გაამართლო და მისი სიმართლის მიხედვით მიუზღო.
- 24თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება, რადგან შეგცოდა, მერე კი მობრუნდება და შეაქებს შენს სახელს, ილოცებს და წყალობას გთხოვს აქ, ამ სახლში,
- 25მაშინ მოუსმინე ზეციდან, აპატიე შენს ხალხს, ისრაელს, ცოდვა და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის და მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
- 26როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იწვიმებს, რადგან გცოდავდნენ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ მობრუნებულნი, აღიარებენ შენს სახელსა და თავიანთ ცოდვებს მიატოვებენ, რადგან სჯიდი მათ,
- 27მაშინ ისმინე ზეციდან, აპატიე შენს მსახურებსა და შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, რათა დააყენო კეთილ გზაზე, რომლითაც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს ქვეყანას, რომელიც შენს ხალხს მიეცი სამკვიდრებლად,
- 28თუ შიმშილი იქნება ქვეყანაში ან შავი ჭირი, ხორშაკი ან სიყვითლე, კალია ან მწერი, რომ ავიწროებდეს მას მტერი ქვეყნის კარიბჭესთან, რაიმე წყლული იქნება თუ სნეულება,
- 29ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი ტვირთი და სატკივარი და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,
- 30მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აპატიე. ყოველ კაცს თავისი გზებისამებრ მიაგე, მისივე გულისამებრ, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანის ძეთა გულები,
- 31რათა ეშინოდეთ და დადიოდნენ შენი გზებით მთელი ცხოვრება, იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი.
- 32იმ უცხოტომელსაც მოუსმინე, რომელიც შენი ხალხისგან, ისრაელისგან არაა, მაგრამ მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლთან,
- 33შეისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე ყოველივე, რისთვისაც მოგიხმობს უცხოტომელი, რათა შეიცნოს დედამიწის ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდნენ, რომ შენი სახელი ეწოდა ამ სახლს, რომელიც მე ავაშენე.
- 34როდესაც შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საბრძოლველად, რომლითაც შენ გაგზავნი და ლოცვით მოგმართავს მობრუნებული ამ ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენი სახელისთვის ამოირჩიე და მე ავაშენე,
- 35მაშინ ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და ვედრება და სამართალი გაუჩინე.
- 36როცა შეგცოდებენ, რადგან არაა ადამიანი, რომელიც არ შესცოდავს, განრისხდები, მტერს ჩაუგდებ მათ და შორეულ ან ახლო ქვეყანაში ტყვედ წაიყვანენ,
- 37როცა გონს მოეგებიან ტყვეობის ქვეყანაში, იმ მიწიდან, სადაც ტყვედ იქნებიან, მობრუნდებიან და შემოგღაღადებენ: შევცოდეთ, უმართლობა და ბოროტება ჩავიდინეთო!
- 38როცა მოიქცევიან მთელი გულითა და გონებით ტყვეობის ქვეყანაში, სადაც წაყვანილ იქნენ, ილოცებენ თავიანთ მიწისკენ, იმ მიწისკენ მობრუნებულნი, მათ მამებს რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,
- 39მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მათი ლოცვა და ვედრება, სამართალი გაუჩინე და აპატიე შენს ხალხს, რომელმაც შეგცოდა.
- 40ახლა კი, ჩემო ღმერთო, თვალი გეჭიროს და ყურად იღე ამ ადგილზე აღვლენილი ლოცვა.
- 41აღსდექ ახლა, უფალო ღმერთო, შენს სავანეზე, შენი ძლიერების კიდობანზე. შენი მღვდლები, უფალო ღმერთო, ხსნით შეიმოსონ და შენი მოიმედენი სიკეთით ხარობდნენ.
- 42უფალო ღმერთო! ზურგს ნუ შეაქცევ შენი ცხებულის სახეს, გაიხსენე შენი წყალობა, რომელიც აღუთქვი შენს მსახურს, დავითს.
იტვირთება შემდეგი თავი