2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1დასრულდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა დავითის, მამამისის მიერ მიძღვნილი ვერცხლი და ოქრო, ასევე ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დადო.
- 2მაშინ შემოიკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის თავკაცი და ისრაელის მამისსახლთა მთავრები, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, იგივე სიონიდან.
- 3შეიკრიბა მეფესთან ყველა ისრაელიანი სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.
- 4მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს ლევიანებმა კიდობანი.
- 5გამოიტანეს კიდობანი და საკრებულო კარავი და მთელი წმიდა ჭურჭელი, რომელიც კარავში იყო. მღვდლები და ლევიანნი ეზიდებოდნენ.
- 6მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის თემი, რომელიც მასთან შეიკრიბა, კიდობნის წინ სწირავდნენ ცხვრებსა და ხარებს, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
- 7მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე, სახლის შიდა ოთახში, წმიდათაწმიდაში, ქერუბთა ფრთებქვეშ.
- 8ვინაიდან კიდობანზე ჰქონდათ ფრთები გაშლილი ქერუბებს და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის კეტებს.
- 9გრძელი იყო კეტები და საწმიდრიდან ჩანდა მათი ბოლოები, დაბირის წინ, მაგრამ გარედან არ ჩანდა; დღემდე იქ არის ისინი.
- 10არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, რომლებიც მოსემ ჩააწყო ხორებთან, როცა აღთქმა დაუდო უფალმა ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.
- 11და როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან, - რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა განურჩევლად დასებისა;
- 12ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი მოძმენი, ბისონით შემოსილნი, წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი და მათთან ერთად ას ოცმა მღვდელმა ჩაჰბერა საყვირს.
- 13ხმები შეუწყვეს მესაყვირეთ და მგალობელთ, რათა ერთხმად ექოთ და ედიდებინათ უფალი; აღიმაღლეს ხმა საყვირების, წინწილების და საკრავების თანხლებით, აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა და სიკეთე მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
- 14ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.
იტვირთება შემდეგი თავი