2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1ოცი წელი აშენებდა სოლომონი უფლის სახლსა და თავის სასახლეს.
- 2ააშენა მან ხურამის მიერ მიცემული ქალაქები და ისრაელის ძენი დაამკვიდრა მათში.
- 3წავიდა სოლომონი ხამათ-ცობაში და გაამაგრა იგი.
- 4ააშენა უდაბნოში თადმორი და ყველა სამარაგო ქალაქი, რომელიც ხამათში ააშენა.
- 5ააშენა ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი, გამაგრებული ქალაქები, ზღუდეებით, კარიბჭეებითა და ურდულებით.
- 6ბაყალათი და სათადარიგო ქალაქები, რომელთაც სოლომონი ფლობდა; ყოველი საცხენოსნო და საეტლო ქალაქი და ყველაფერი, რისი აშენებაც სურდა იერუსალიმში, ლიბანსა და მთელ თავის სამფლობელოში.
- 7ხეთელთაგან, ამორელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან დარჩენილი ხალხი, რომლებიც ისრაელიანთაგანი არ იყვნენ,
- 8მათი ძენი, რომლებიც მათ შემდგომ ქვეყანაში დარჩნენ და რომლებიც არ დაუხოცავთ ისრაელის ძეთ, ბეგარაზე მომუშავეებად აქცია სოლომონმა დღემდე.
- 9ისრაელის ძეთაგან კი არავინ დაუყენებია სოლომონს მუშებად თავის საქმეზე, რადგან მეომრები იყვნენ ისინი, მცველთა, მეეტლეთა და მხედართა მეთაურები.
- 10ორას ორმოცდაათი კაცი ზედამხედველთა მთავრებად ედგა მეფე სოლომონს ხალხის გასაძღოლად.
- 11დავითის ქალაქიდან თავის აშენებულ სასახლეში გადაიყვანა ფარაონის ასული სოლომონმა, რადგან ამბობდა: "ნუ დამკვიდრდებაო ქალი, ისრაელის მეფის, დავითის სახლში, რადგან წმიდაა ადგილი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა”.
- 12მაშინ აღუვლინა სოლომონმა სრულადდასაწველნი უფალს, მის მიერ შესასვლელის წინ აშენებულ უფლის სამსხვერპლოზე.
- 13რათა ყოველდღიურად აღევლინათ საჭიროებისამებრ, მოსეს რჯულისამებრ, შაბათობით, ახალმთვარობაზე, დადგენილ დღესასწაულებზე სამჯერ წელიწადში, უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის დღესასწაულებზე.
- 14მამამისის, დავითის წესისამებრ დაადგინა მღვდელთა დასები თავიანთ მსახურებაში და ლევიანები თავ-თავის მოვალეობაზე, რათა ქება აღევლინათ და ემსახურათ მღვდლებთან ერთად ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე კარიბჭის მცველნი, თავ-თავისი დასებით თითოეულ კართან, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ღვთის კაცს.
- 15არ გადაუხვევიათ იმ ბრძანებისთვის, რომელიც ეხებოდა მღვდლებს, ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურს.
- 16ასე წარმართა სოლომონმა ყოველი საქმე უფლის სახლის დაფუძნების დღიდან მის მთლიანად დასრულებამდე.
- 17მაშინ წავიდა სოლომონი ზღვისპირეთში, ყეციონ-გებერში და ელოთში, ედომის ქვეყანაში.
- 18და გაუგზავნა მას ხურამმა თავის მსახურთა ხელით ხომალდები და ზღვის მცოდნე მსახურები. მივიდნენ სოლომონის მსახურებთან ერთად ოფირს, წამოიღეს იქიდან ოთხასორმოცდაათი ტალანტი ოქრო და მიუტანეს მეფე სოლომონს.
იტვირთება შემდეგი თავი