2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1შეიტყო შებას დედოფალმა სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რათა ძნელი კითხვებით გამოეცადა იგი. მივიდა დიდძალი დოვლათით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, უამრავი ოქრო და ძვირფასი ქვები; ეახლა სოლომონს და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
- 2ყველა კითხვაზე საკადრისი პასუხი გასცა სოლომონმა; არაფერი ყოფილა მეფისგან დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა.
- 3იხილა შებას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე და სახლი, რომელიც მან ააშენა,
- 4მისი სუფრის სანოვაგე, მის მსახურთა საცხოვრებელი, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი შესამოსელი, მისი ღვინისმწდენი და მათი შესამოსელი, კიბეები, რითაც უფლის სახლში ადიოდა და გაოცდა დედოფალი;
- 5უთხრა მეფეს: "ჭეშმარიტება ყოფილა ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანაში მსმენია შენს საქმეებსა და სიბრძნეზე.
- 6სიტყვებს არ ვუჯერებდი, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე; და, აჰა, თურმე ნახევარიც კი არ მსმენია შენს აღმატებულ სიბრძნეზე, ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.
- 7ნეტარია შენი ხალხი და ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდმივად შენ წინაშე დგანან და შენს სიბრძნეს ისმენენ.
- 8კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგიწონა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის, მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მეფედ, რათა საუკუნოდ დააფუძნოს იგი და სამართალი და სიმართლე გაუჩინოს”.
- 9მისცა მან მეფეს ასოცი ტალანტი ოქრო, დიდძალი სურნელებანი და ძვირფასი ქვები; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში იმგვარი სურნელოვნება, როგორიც შებას დედოფალმა მიუძღვნა მეფე სოლომონს.
- 10ხურამისა და სოლომონის მსახურებმა, ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვებიც ჩამოიტანეს.
- 11სანდალოზის ხის საფეხურები გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; არასდროს უნახავს ვინმეს ამის მსგავსი რამ იუდას ქვეყანაში.
- 12ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს; და დაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.
- 13ოქროს წონა, რომელიც ერთ წელიწადში შემოსდიოდა სოლომონს, ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი იყო.
- 14ამის გარდა, მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებსა და მხარეთა გამგებლებს შემოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი.
- 15გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი ფარი ნაჭედი ოქროსგან; ექვსასი შეკელი ნაჭედი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე.
- 16ასევე გააკეთა სამასი მცირე ზომის ფარი, ნაჭედი ოქროსგან; სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე და ლიბანის ტყის სახლში დააწყო მეფემ ისინი.
- 17გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისგან დიდი ტახტი და სუფთა ოქროთი მოაპირკეთა.
- 18ექვსი საფეხური ადიოდა ტახტამდე და ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა მიდგმული ტახტს, დასაჯდომ ადგილს ორივე მხრიდან სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით.
- 19თორმეტი ლომი ედგა ექვსივე საფეხურს აქეთ-იქიდან.
- 20მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო და ლიბანის ტყის სახლის ყველა ჭურჭელიც ასევე ხალასი ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან არაფრად ფასობდა ვერცხლი სოლომონის დღეებში.
- 21რადგან მეფის გემები ხურამის მსახურებთან ერთად თარშიშში დაცურავდნენ; სამ წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდნენ გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ მაიმუნები და ფარშევანგები.
- 22დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.
- 23დედამიწის ყოველ მეფეს სურდა სოლომონთან მისვლა და იმ სიბრძნის მოსმენა, რომელიც ღმერთმა ჩაუდო გულში.
- 24თითოეულ მათგანს თავისი საჩუქარი მოჰქონდა: ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, სამოსელი, საჭურველი, კეთილსურნელებანი, ცხენები და ჯორები ყოველწლიურად.
- 25სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ცხენებისთვის და ეტლებისთვის და თორმეტი ათასი ცხენოსანი ჰყავდა; და განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და თავისთან იერუსალიმში.
- 26გახდა იგი ყველა მეფის მბრძანებელი, მდინარე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე.
- 27მეფემ ვერცხლი ქვის ფასს გაუთანაბრა იერუსალიმში და კედარის ხე სიკომორის ხეს, რომელიც მრავლად ხარობს დაბლობში.
- 28ეგვიპტიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან მოჰყავდათ ცხენები სოლომონისთვის.
- 29სოლომონის დანარჩენი საქმენი, პირველი და უკანასკნელი, განა არ სწერია ნათან წინასწარმეტყველის წიგნში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებასა და ყიდო მხილველის ხილვაში, იერობყამ ნებატის ძეს რომ შეეხება?
- 30ორმოცი წელი იმეფა სოლომონმა მთელს ისრაელზე იერუსალიმში.
- 31და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი მამის, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად რეხაბყამი, მისი ძე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი