2 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი - კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.
- 2ამიტომაც ვოხრავთ, და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას,
- 3მისით შემოსილნი კი, შიშვლები აღარ აღმოვჩნდებით.
- 4რადგან ვიდრე ამ კარავში ვიმყოფებით, ტვირთქვეშ ვართ და ვოხრავთ, ვინაიდან გახდა კი არ გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით.
- 5სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად.
- 6ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ; და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ დამკვიდრებულნი, განშორებულნი ვართ უფლისგან,
- 7ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
- 8თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ.
- 9ამიტომ ვცდილობთ კიდეც - აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ.
- 10ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კეთილს თუ ბოროტს.
- 11და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შევაგონებთ, ჩვენ კი გაცხადებულნი ვართ ღმერთისთვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც ვართ გაცხადებულნი;
- 12ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იკვეხნიდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც გარეგანით იკვეხნის და არა შინაგანით.
- 13ვინაიდან, თუ უგუნურნი ვართ - ღვთისთვის, ხოლო თუ გონიერნი - თქვენთვის.
- 14რადგან ქრისტეს სიყვარულით ვართ გარემოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.
- 15ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
- 16ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად; და თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ.
- 17მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია.
- 18ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგვცა შერიგების მსახურება.
- 19იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა.
- 20ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.
- 21ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.
იტვირთება შემდეგი თავი