2 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1ამიტომ, რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით,
- 2არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.
- 3თუ არის კიდეც დაფარული ჩვენი სახარება, დაღუპულთათვის არის დაფარული.
- 4ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.
- 5ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის.
- 6ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.
- 7მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.
- 8ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა დათრგუნულნი; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი;
- 9დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.
- 10უფალ იესოს სიკვდილს მუდამ სხეულით ვატარებთ, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს სხეულში.
- 11ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში.
- 12ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი - სიცოცხლე.
- 13და რაკი იგივე რწმენის სული გვაქვს, როგორც სწერია: ‘მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი’, ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ;
- 14რადგან ვიცით, რომ ის, ვინც უფალი იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.
- 15ეს ყველაფერი თქვენთვის არის, რათა მრავალთა მიმართ მადლის გავრცელებით, მრავლდებოდეს მადლიერება, ღმერთის სადიდებლად.
- 16ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.
- 17ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის;
- 18რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ - უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.
იტვირთება შემდეგი თავი