4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1იეჰუს მეფობის მეშვიდე წელს გამეფდა იოაში და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. ბეერ-შებაყელი ციბია იყო დედამისი.
- 2სწორად იქცეოდა იოაში უფლის თვალში მთელი თავისი ცხოვრება, სანამ მისი მრჩეველი იეჰოიადაყ მღვდელი იყო.
- 3ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია; ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა და აკმევდა ხალხი.
- 4უთხრა იოაშმა მღვდლებს: "მთელი შენაწირი ფული, რომელიც უფლის სახლში შემოდის, სულადობის მიხედვით გადახდილი ფულის მთელი შემოსავალი და მთელი ფული, რასაც გულით სწირავს უფლის ტაძარს ხალხი,
- 5აიღონ მღვდლებმა, თითოეულმა თავისი ახლობლისგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რაც შესაკეთებელია.
- 6დადგა იოაშის გამეფების ოცდამესამე წელი და ჯერ კიდევ არ შეეკეთებინათ მღვდლებს სახლის ბზარები.
- 7მოუხმო მეფე იოაშმა იეჰოიადაყსა და სხვა მღვდლებს და უთხრა: "რატომ არ შეგიკეთებიათ ტაძარი? ამიერიდან ნუღარ აიღებთ ფულს თქვენი ახლობლებიდან, არამედ ტაძრის ბზარის შესაკეთებლად მიიტანეთ იგი”.
- 8დათანხმდნენ მღვდელნი, რომ არც ფული აეღოთ ხალხისგან და აღარც ტაძრის ბზარები შეეკეთებინათ.
- 9აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი ყუთი, გახვრიტა ზემოდან და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლის შესასვლელის მარჯვნივ. იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში მიტანილ მთელ ფულს.
- 10როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ფული იყო ყუთში, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, ითვლიდნენ და ტომრებში კრავდნენ ფულს, რომელიც უფლის ტაძარში გროვდებოდა.
- 11ხელზე აძლევდნენ გადათვლილ ფულს უფლის ტაძარში სამუშაოს შემსრულებლად დანიშნულებს: ხუროებს და მშენებლებს,
- 12კალატოზებსა და ქვის მთლელებს; ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვებს, უფლის ტაძრის შესაკეთებლად.
- 13უფლის სახლში შენაწირი ფულიდან აღარ ამზადებდნენ უფლის ტაძრისთვის ვერცხლის ფიალებს, დანებს, სასხურებლებს, ბუკებს, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელს.
- 14საქმის მწარმოებლებს აძლევდნენ და უფლის ტაძარს ამაგრებდნენ იმ ფულით.
- 15არ უთვლიდნენ ფულს იმ კაცებს, რომლებსაც ხელოსნებისთვის აძლევდნენ, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ.
- 16დანაშაულისა და ცოდვის გამოსასყიდი ფული არ შედიოდა უფლის ტაძარში, მღვდლებს ეკუთვნოდა.
- 17მაშინ გამოვიდა ხაზაელი, არამელთა მეფე, შეებრძოლა გათს და დაიპყრო; მერე იერუსალიმის დასაპყრობად მოტრიალდა.
- 18აიღო იოაშმა, იუდას მეფემ მთელი შენაწირი, რაც მისმა მამებმა, იოშაფატმა, იორამმა და ახაზიამ, იუდას მეფეებმა გაიღეს, ასევე თავისი შენაწირი, მთელი ოქრო, რომელიც უფლის ტაძრისა და მეფის სასახლის საუნჯეებში იპოვებოდა და გაუგზავნა ხაზაელს, არამელთა მეფეს; ისიც გაეცალა თავისი ჯარით იერუსალიმს.
- 19იოაშის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 20აღუდგნენ მსახურები, შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას დაღმართზე.
- 21მისმა მსახურებმა - იოზაქარ შიმყათის ძემ და იეჰუზაბად შომარის ძემ განგმირეს იგი. თავის მამებთან დაკრძალეს მეფე, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი