4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1იუდას მეფის, იოაშ ახაზიას ძის, ოცდამესამე წელს სამარიაში ისრაელზე გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე და ჩვიდმეტ წელს იმეფა.
- 2ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც აცდუნა ისრაელი; არ განშორებია მათ.
- 3აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს და ბენ-ჰადადს, მის ძეს, დიდი ხნით.
- 4შეევედრა იეჰოახაზი უფალს და შეისმინა უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანების შეჭირვება, როგორ ავიწროებდა მათ არამის მეფე.
- 5მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი და დააღწია თავი არამის ხელს. იწყეს ცხოვრება ისრაელის ძეებმა საკუთარ კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ.
- 6მაგრამ არ განერიდნენ იერობყამის სახლის ცოდვებს, რომლითაც ცდუნდა ისრაელი; ამ ცოდვებში დადიოდნენ და აშერიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში.
- 7მხოლოდ ორმოცდაათი მხედარი, ათი ეტლი და ათი ათასი ქვეითი შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით გათელა.
- 8იეჰოახაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა და მისი სიძლიერე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეში არაა ჩაწერილი?
- 9განისვენა იეჰოახაზმა და თავის მამებთან დამარხეს სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე, იოაში გამეფდა.
- 10იუდას მეფის, იოაშის, ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იოაშ იეჰოახაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა.
- 11ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც ცდუნდა ისრაელი. ამ ცოდვებში დადიოდა.
- 12იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა და მისი სიძლიერე, იუდას მეფეს, ამაციას რომ ეომებოდა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 13განისვენა იოაშმა თავის მამებთან და მის ტახტზე იერობყამი დაჯდა. სამარიაში, ისრაელის მეფეთა გვერდით დაიმარხა იოაში.
- 14დასნეულდა ელისე და მოკვდა ამ სენისგან. მოვიდა მასთან იოაში, ისრაელის მეფე, დასტიროდა და ამბობდა: "მამავ, მამავ! ისრაელის ეტლო და მხედარო!”
- 15უთხრა ელისემ: "აიღე მშვილდი და ისრები”. მანაც აიღო მშვილდი და ისრები.
- 16უთხრა ისრაელის მეფეს: "დაადე ხელი მშვილდს”, მანაც დაადო ხელი მშვილდს. დაადო ელისემ ხელები მეფის ხელებს.
- 17უთხრა: "გააღე აღმოსავლეთის სარკმელი”. გააღო. უთხრა ელისემ: "სტყორცნე”, და სტყორცნა. თქვა: "უფლისმიერი გამარჯვების ისარია და არამზე გამარჯვების ისარი. დაამარცხებ არამს აფეკში იქამდე, სანამ სრულად არ გაანადგურებ”.
- 18უთხრა ელისემ: "აიღე ისრები”. აიღო. უთხრა ისრაელის მეფეს: "დაჰკარი მიწას”. სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა.
- 19გაუჯავრდა ღვთისკაცი და უთხრა: "ხუთჯერ ან ექვსჯერ უნდა დაგეკრა, მაშინ საბოლოოდ გაანადგურებდი არამს; ახლა კი მხოლოდ სამჯერ სძლევ არამს”.
- 20მოკვდა ელისე და დამარხეს. მოაბის მოთარეშენი შემოესეოდნენ ხოლმე ქვეყანას ყოველი წლის გაზაფხულს.
- 21ერთხელ კაცს მარხავდნენ ისრაელიანები და, აჰა, როცა მოთარეშენი დაინახეს, ელისეს სამარხში ჩააგდეს ეს კაცი. როგორც კი კაცი ელისეს ძვლებს შეეხო, გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.
- 22ავიწროებდა ისრაელს ხაზაელი, არამის მეფე, იეჰოახაზის მეფობის განმავლობაში.
- 23შეიწყალა ისინი უფალმა და შეიბრალა; მოხედა მათ თავისი აღთქმის გამო, რომელიც აღუთქვა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს და არ ინება მათი განადგურება და თავიდან მოშორება დღემდე.
- 24მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე და მის ნაცვლად მისი ძე, ბენ-ჰადადი გამეფდა.
- 25ხელიდან გამოგლიჯა იოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძეს ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოახაზისთვის. სამჯერ დაამარცხა იგი იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.
იტვირთება შემდეგი თავი