4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის გამეფების მეორე წელს იუდაში გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
- 2ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. იერუსალიმელი იეჰოყადანი იყო დედამისი.
- 3სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მამამის დავითივით, არამედ ისიც მამამისის, იოაშის მსგავსად იქცეოდა.
- 4ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხი ჯერ კიდევ იქ სწირავდა და აკმევდა.
- 5განუმტკიცდა ამაციაჰუს ხელში მეფობა და დახოცა თავისი მსახურნი, რომლებმაც მამამისი, მეფე მოკლეს.
- 6მკვლელთა შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია, რადგან ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილთა გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამათა გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის დაისაჯოს სიკვდილით”.
- 7ათი ათასი ედომელი გაჟლიტა მარილოვან ველზე, ომით დაიპყრო სელა და იოკთეყელი უწოდა, როგორც დღემდე უწოდებენ.
- 8ამის მერე მოციქულები გაუგზავნა ამაციაჰუმ იოაშს, იოახაზის ძეს, იეჰუს ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: "გამოდი, პირისპირ შევხვდეთ”.
- 9შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: "სთხოვა ლიბანის ძეძვმა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს, მაგრამ გაიარა ლიბანის ველურმა ცხოველმა და გასრისა ძეძვი.
- 10აჰა, დაგიმარცხებია ედომი და გაამაყდი? განდიდებულხარ, მაგრამ დაჯექი შენს სახლში. რაღად ეძიებ შფოთს, შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
- 11არ შეისმინა მისი ამაციაჰუმ; მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე.
- 12დამარცხდა იუდა ისრაელთან; ყველანი თავ-თავისი სახლებისკენ გაიქცნენ.
- 13იოაშმა, ისრაელის მეფემ შეიპყრო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიას ძის ძე ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმს და ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე დაანგრია მისი გალავანი, ოთხასი წყრთა.
- 14აიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი უფლის ტაძარსა და მეფის სახლის საგანძურში ნახა, ტყვეები წაიყვანა და სამარიაში გაბრუნდა.
- 15იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, მიღწევები და ამაციაჰუსთან, იუდას მეფესთან ბრძოლის ამბები, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 16განისვენა იოაშმა თავის მამებთან და სამარიაში, ისრაელის მეფეებთან დაიკრძალა. მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა.
- 17ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ, თხუთმეტი წელი იცოცხლა, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ.
- 18ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 19შეთქმულება მოუწყვეს მას იერუსალიმში; ლაქიშს გაიქცა. ბოლომდე სდიეს და იქ მოკლეს.
- 20ცხენებით მოასვენეს და დაკრძალეს იერუსალიმში, თავის მამებთან, დავითის ქალაქში.
- 21ადგა იუდას მთელი ხალხი და თექვსმეტი წლის აზარია გაამეფა მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად.
- 22ეილათი ააშენა და დაუბრუნა იუდას. მერე თავის მამებთან განისვენა.
- 23იუდას მეფის, ამაციაჰუ იოაშის ძის, გამეფებიდან მეთხუთმეტე წელს გამეფდა სამარიაში იერობყამი, ისრაელის მეფის, იოაშის ძე და იმეფა ორმოცდაერთი წელიწადი.
- 24ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განუშორებია იერობყამის, ნაბატის ძის ყველა ის ცოდვა, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
- 25ხამათის მისადგომებიდან ყარაბას ზღვამდე აღუდგინა ისრაელს საზღვრები, როგორც უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით ჰქონდა ნათქვამი.
- 26რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.
- 27არ უნდოდა უფალს ისრაელის სახელის გაქრობა ცისქვეშეთიდან და იხსნა ისინი იერობყამის, იოაშის ძის ხელით.
- 28იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, მისი მიღწევები, როგორ იბრძოდა და როგორ დაუბრუნა ისრაელს დამასკო და ხამათი, რომლებიც იუდას ეკუთვნოდა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 29მიიძინა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან; მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი