4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1იერობყამის, ისრაელის მეფის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია, იუდას მეფის, ამაციაჰუს ძე.
- 2თექვსმეტი წლისა იყო როცა გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექალიაჰუ, იერუსალიმიდან.
- 3სწორად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი ამაციაჰუ.
- 4ოღონდ მაღლობები არ იყო გაუქმებული: ხალხი ისევ სწირავდა და აკმევდა მაღლობებზე.
- 5დააწყლულა უფალმა მეფე და სიკვდილამდე კეთროვანი იყო. ცხოვრობდა მეფე თავისუფლად, მისთვის გამოყოფილ სახლში. იოთამი, მეფის ძე, განაგებდა სახლეულს და განსჯიდა ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს.
- 6ყაზარიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 7განისვენა ყაზარიამ და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, იოთამი გამეფდა.
- 8ყაზარიას, იუდას მეფის ოცდამეთვრამეტე წელს სამარიაში ისრაელზე ზაქარია იერობყამის ძე გამეფდა და ექვსი თვე იმეფა.
- 9ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები იქცეოდნენ; არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
- 10შეთქმულება მოუწყო შალუმმა, იაბეშის ძემ, ხალხის წინ განგმირა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.
- 11ზაქარიას დანარჩენი საქმენი განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 12აი, უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: "მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ძენი ისრაელის ტახტზე”. ასეც მოხდა.
- 13შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის, ყუზიას ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში.
- 14წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მივიდა სამარიას. განგმირა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, მოკლა და მის ნაცვლად გამეფდა.
- 15შალუმის დანარჩენი საქმენი და მისი შეთქმულების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნშია ჩაწერილი.
- 16მაშინ შემუსრა მენახემმა თიფსახი და ყველა მასში მყოფი. მოსრა თირცადას საზღვრები, რადგან არ გააღეს კარიბჭეები და შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი.
- 17იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე ისრაელზე; ათი წელი იმეფა სამარიაში.
- 18ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
- 19წამოვიდა ფულა, აშურის მეფე, ქვეყნის წინააღმდეგ და მისცა მენახემმა ფულას ათასი ტალანტი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და განემტკიცებინა თავისი მეფობა.
- 20გამოსძალა მენახემმა ეს ფული ისრაელს, ყველა შეძლებულს - კაცზე ორმოცდაათი შეკელი, აშურის მეფისთვის მისაცემად. უკან გაბრუნდა აშურის მეფე, აღარ დარჩენილა იქ, იმ ქვეყანაში.
- 21მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნშია აღწერილი.
- 22განისვენა მენახემმა თავის მამებთან, მის ნაცვლად მისი ძე, ფეკახია გამეფდა.
- 23იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა.
- 24ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
- 25შეთქმულება მოუწყო ფეკახ რემალიაჰუს ძემ, მისმა სარდალმა და განგმირა იგი სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობსა და არიესთან ერთად, თან ორმოცდაათი გილყადელი კაცი ახლდა; მოკლა იგი და მის ნაცვლად გამეფდა.
- 26ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნშია ჩაწერილი.
- 27იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკახ რემალიაჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ოცი წელი.
- 28ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
- 29ისრაელის მეფის, ფეკახის დღეებში მოვიდა თიგლათფილესერი, აშურის მეფე, აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოხი, კედეში, ხაცორი, გილყადი და გალილეა, მთელი ნაფთალის ტომის ქვეყანა და ხალხი აშურში წაიყვანა ტყვედ.
- 30შეთქმულება მოუწყო ჰოშეაყ ელიას ძემ ფეკახ რემალიაჰუს ძეს, განგმირა, მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს.
- 31ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა ჩაწერილი?
- 32ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეფობის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიას ძე, იუდას მეფე.
- 33ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.
- 34სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზია იქცეოდა.
- 35ოღონდ მაღლობები არ გაუქმებულა და ხალხი ისევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა საკმეველს. იოთამმა აღადგინა უფლის სახლის ზედა კარიბჭე.
- 36იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა ჩაწერილი?
- 37იმ დღეებში გაგზავნა უფალმა იუდას წინააღმდეგ რეცინი, არამის მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე.
- 38განისვენა იოთამმა თავის მამებთან და მამამისის, დავითის ქალაქში დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე, ახაზი გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი