4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1ფეკახ რემალიაჰუს ძის მეფობის მეჩვიდმეტე წელს იუდაზე ახაზ იოთამის ძე გამეფდა.
- 2ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში; არ იქცეოდა მამამის დავითივით სწორად უფლის, თავისი ღმერთის თვალში.
- 3ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა. თავისი ძეც კი გაატარა ცეცხლში, იმ წარმართთა საზიზღარი წესისამებრ, რომლებიც განდევნა ისრაელის ძეთაგან უფალმა.
- 4სწირავდა და აკმევდა მაღლობებზე, მწვერვალებსა და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ.
- 5მაშინ გამოვიდნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად: ალყაში მოაქციეს ახაზი, მაგრამ ვერ დაძლიეს იგი.
- 6დაუბრუნა რეცინმა, არამელთა მეფემ, ეილათი არამს და განდევნა იქიდან ებრაელნი; მოვიდნენ ეილათს ედომელნი და დღემდე იქ მკვიდრობენ.
- 7მოციქულები გაუგზავნა ახაზმა თიგლათფილესერს, აშურის მეფეს ამ სიტყვებით: "შენი მსახური და შენი ძე ვარ; მოდი და მიხსენი არამისა და ისრაელის მეფეთაგან, რომლებიც ამხედრდნენ ჩემს წინააღმდეგ”.
- 8აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რომელიც უფლის ტაძარსა და მეფის სასახლის საგანძურში ინახებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს.
- 9ისმინა მისი აშურის მეფემ, გავიდა დამასკოს წინააღმდეგ. დაიპყრო იგი და კირაში გადაასახლა მისი მცხოვრებნი, რეცინი კი მოკლა.
- 10დამასკოს წავიდა მეფე ახაზი თიგლათფილესერის, აშურის მეფის სანახავად. იხილა სამსხვერპლო, რომელიც დამასკოში იყო. გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაკეთობის გეგმა.
- 11მეფე ახაზის მიერ დამასკოდან გამოგზავნილი გეგმის მიხედვით ააგო ურია მღვდელმა სამსხვერპლო, მეფე ახაზის დაბრუნებამდე.
- 12როცა მეფე დამასკოდან დაბრუნდა, ნახა სამსხვერპლო, მიეახლა და აღავლინა მასზე.
- 13აღავლინა მან სრულადდასაწველი და პურეული ძღვენი, გადმოღვარა თავისი საღვრელი და აპკურა სამსხვერპლოზე თავისი სამშვიდობო შესაწირის სისხლი.
- 14ხოლო სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც უფლის წინაშე იყო, გადასწია ტაძრის წინა მხრიდან, ახალ სამსხვერპლოსა და უფლის ტაძრის შუა ადგილიდან და თავისი სამსხვერპლოს ჩრდილოეთით მოათავსა.
- 15უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: "დიდ სამსხვერპლოზე აკმიე დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეული შესაწირი; მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეული ძღვენი, ქვეყნის მთელი ხალხის სრულადდასაწველი და მისი პურეული ძღვენი, მათი სასმლის საღვრელები და მასზევე აპკურე სრულადდასაწველებისა და მსხვერპლების მთელი სისხლი; სპილენძის სამსხვერპლოს კი მე მივხედავ”.
- 16ყოველივე აღასრულა ურია მღვდელმა, რაც ბრძანა მეფე ახაზმა.
- 17გვერდები მოახლიჩა მეფე ახაზმა კვარცხლბეკებს და მოხსნა საბანელი; მოხსნა სპილენძის ზღვა ხარებს, რომლებიც მის ქვეშ იყვნენ, და ქვის ფილებზე მოათავსა იგი.
- 18გააუქმა აშურის მეფის გამო შაბათის ტალავერიანი შესასვლელი, რომელიც ტაძართან ააშენეს და დაანგრია ტაძრის სამეფო შესასვლელი.
- 19ახაზის დანარჩენი საქმენი, რომელიც აღასრულა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 20განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიკრძალა მათთან დავითის ქალაქში; მის ნაცვლად ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი