4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    ახაზის, იუდას მეფის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და ათი წელი იმეფა.
  2. 2
    ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.
  3. 3
    წამოვიდა მის წინააღმდეგ შალმანესერი, აშურის მეფე. გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და ხარკს უხდიდა.
  4. 4
    გაუგო შეთქმულება აშურის მეფემ ჰოშეაყს, რადგან მოციქულები გააგზავნა ეგვიპტის მეფე სოსთან და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურ ხარკს. შეიპყრო იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში დაამწყვდია.
  5. 5
    შეიჭრა აშურის მეფე ქვეყანაში, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
  6. 6
    ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელს დაიპყრო სამარია აშურის მეფემ; აშურში გადაასახლა ისრაელი და დაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, გოზანის მდინარესთან და მიდიელთა ქალაქებში.
  7. 7
    ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან და სხვა ღმერთების მოშიშება დაიწყეს;
  8. 8
    იმ ხალხების წესებით დადიოდნენ, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელისგან და ისრაელის მეფეთა სახისგან, რომლებიც დაისვეს.
  9. 9
    ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე.
  10. 10
    სვეტები და აშერები დაიდგეს ყველა მაღალ ბორცვსა და ყოველი მწვანე ხის ქვეშ.
  11. 11
    საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად.
  12. 12
    ემსახურებოდნენ კერპებს, თუმცა ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: "ნუ გააკეთებთო ამ საქმეს!”
  13. 13
    აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: "მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.
  14. 14
    არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;
  15. 15
    უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
  16. 16
    მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;
  17. 17
    ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.
  18. 18
    ფრიად განურისხდა უფალი ისრაელს და განდევნა თავისი პირისგან. მხოლოდ ერთი, იუდას ტომიღა დარჩა.
  19. 19
    იუდამაც არ დაიცვა უფლის, თავისი ღმერთის მცნებები და ისრაელის მიერ დადგენილ წესებს მისდევდა.
  20. 20
    შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი შთამომავლობა და დატანჯა იგი, მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ განდევნა თავისი პირისგან;
  21. 21
    როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, ჩამოაშორა ისრაელი იერობყამმა უფლის კვალს და დიდი ცოდვებით აცდუნა.
  22. 22
    დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მან ჩაიდინა და არ განრიდებიან მათ,
  23. 23
    ვიდრე არ განდევნა უფალმა ისრაელი თავისი პირისგან, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახური წინასწარმეტყველების მეშვეობით. დღემდე აშურშია გადასახლებული ისრაელი თავისი მიწიდან.
  24. 24
    მოიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და დაასახლა ისინი სამარიის ქალაქებში ისრაელის ძეთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
  25. 25
    არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ ამ ხალხებს.
  26. 26
    უთხრეს აშურის მეფეს: "ერებმა, რომლებიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში დაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია ამ ხალხებს ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ”.
  27. 27
    ბრძანა აშურის მეფემ: "წაიყვანეთ იქ ვინმე მღვდელი, იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს, იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება”.
  28. 28
    მივიდა იქ ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული. ცხოვრობდა ბეთელში და ასწავლიდა მათ უფლის მოშიშებას.
  29. 29
    მაგრამ თავ-თავისი ღმერთები გაიკეთა თითოეულმა ერმა და დადგეს მაღლობთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ერმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
  30. 30
    ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა - ნერეგალი, ხამათელებმა კი - აშიმა,
  31. 31
    ყაველებმა ნიბხაზი და თართაკი გაიკეთეს, ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადარმელექისა და ყანამელექისთვის, სეფარიმის ღმერთებისთვის.
  32. 32
    უფლისაც ეშინოდათ და თავისი წიაღიდან ირჩევდნენ მაღლობების მღვდლებს, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობების სახლებში.
  33. 33
    უფლისაც ეშინოდათ და თავის ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ერების ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს.
  34. 34
    დღემდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან. უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს, რომელსაც ისრაელი უწოდა.
  35. 35
    ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: "ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ;
  36. 36
    მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
  37. 37
    მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
  38. 38
    ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდეთ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ;
  39. 39
    მხოლოდ უფლის, თქვენი ღმერთის გეშინოდეთ და ის გიხსნით ყველა თქვენი მტრის ხელიდან”.
  40. 40
    მაგრამ არ შეისმინეს მისი ხმა და წინანდელ ჩვეულებებს მისდევდნენ.
  41. 41
    ამ ერებს უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. ისევე როგორც მათი მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილიშვილები.
იტვირთება შემდეგი თავი