4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, გამეფების მესამე წელს გამეფდა იუდაზე ხიზკიაჰუ, ახაზის ძე.
- 2ოცდახუთი წლის იყო თავისი გამეფებისას და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული.
- 3ყველაფერში სწორად იქცეოდა უფლის წინაშე, როგორც მამამისი დავითი.
- 4მან გააუქმა მაღლობები, დაამსხვრია ქანდაკებანი და აჩეხა აშერი. მანვე დაამსხვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რადგან ისრაელის ძენი იმ დღეებამდე უკმევდნენ და ნეხუშტანს უწოდებდნენ მას.
- 5უფალზე, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი; არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის არც მის შემდგომ და არც იმათ შორის, ვინც მის წინ იყო.
- 6უფალს მიეკრა და მის კვალს არ განდგომია; იცავდა მის მცნებებს, რომელიც მოსეს პირით ბრძანა უფალმა.
- 7ყველგან, სადაც გავიდოდა, უფალი იყო მასთან და გონივრულად იქცეოდა. განუდგა აშურის მეფეს და აღარ ემორჩილებოდა.
- 8ღაზამდე შემუსრა ფილისტიმელნი და მთელ მხარეში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ციხე-ქალაქამდე.
- 9ხიზკიაჰუს გამეფების მეოთხე წელს, ჰოშეაყ ელას ძის ისრაელში გამეფებიდან მეშვიდე წელს, სამარიის წინააღმდეგ გამოვიდა აშურის მეფე შალმანესერი და ალყაში მოაქცია იგი.
- 10დაიპყრო იგი მესამე წლის მიწურულს. ხიზკიაჰუს გამეფების მეექვსე წელს, რომელიც ისრაელზე ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელი იყო, დამარცხდა სამარია.
- 11აშურში გადაასახლა ისრაელი აშურის მეფემ და დაასახლა ისინი ხალახსა და ხაბორში, გოზანის მდინარეზე, მიდიელთა ქალაქებში.
- 12რადგან არ ისმინეს უფლის, თავიანთი ღმერთის ხმა და დაარღვიეს მისი აღთქმა; ყოველივე, რაც მოსემ, უფლის მსახურმა ამცნო, არც ისმინეს და არც აღასრულეს.
- 13მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს გამოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და დაიპყრო ისინი.
- 14წერილი გაუგზავნა აშურის მეფეს ლაქიშში მეფე ხიზკიაჰუმ: "დამნაშავე ვარ, პირი იბრუნე ჩემგან და რასაც დამაკისრებ, ვიტვირთებ”. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიაჰუს, სამასი ტალანტი ვერცხლი და ოცდაათი ტალანტი ოქრო.
- 15მისცა ხიზკიაჰუმ მთელი ვერცხლი, რაც უფლის ტაძარსა და მეფის სასახლის საგანძურში ინახებოდა.
- 16მაშინ იყო, რომ შემოაცალა ხიზკიაჰუმ ოქრო უფლის ტაძრის კარებსა და ზღურბლებს, რომლითაც ადრე თვითონვე მოჭედა და მისცა აშურის მეფეს.
- 17გაუგზავნა ლაქიშიდან აშურის მეფემ ხიზკიაჰუს იერუსალიმში თართანი, რაბსარისი და რაბშაკე, დიდი ლაშქრით. გამოვიდნენ, მივიდნენ იერუსალიმს და დადგნენ ზემო წყალსატევთან, რომელიც გზასთან იყო, მრეცხავთა მინდორთან.
- 18მოუხმეს მეფეს და გამოვიდნენ მათთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ჰილკიაჰუს ძე, შებნა მწიგნობარი და იოახი, ასაფის ძე, მემატიანე.
- 19უთხრა მათ რაბშაკემ: "გადაეცით ხიზკიაჰუს, ასე თქვა-თქო დიდმა მეფემ, აშურის მეფემ: რისი იმედი გაქვს და რაზე ხარ დანდობილი?
- 20შენ ამბობ: ომისთვის რჩევაც მაქვს და ძალაცო! ფუჭი სიტყვებია ეს, ახლა ვისზე ხარ დანდობილი, რომ ამიჯანყდი?
- 21აჰა, ფიქრობ, გადატეხილ ლერწამს - ეგვიპტეს დაეყრდნო, რომელიც ხელისგულში შეესობა ყველას, ვინც მას დაეყრდნობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მას ენდობა.
- 22ხოლო თუ მეტყვით: ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო! იმას ხომ არ გულისხმობთ, ვისი მაღლობები და სამსხვერპლონიც ხიზკიაჰუმ გააუქმა და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმში?
- 23აჰა, შეეკარი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; მე მოგცემ ორი ათას ცხენს, ვნახოთ თუ შეძლებ მათზე მხედრების შესმას?
- 24აბა, როგორ გააბრუნებ ჩემი ბატონის მსახურთაგან თუნდაც ყველაზე უმცირეს სარდალს ეგვიპტის ეტლებითა და მხედრებით რომ დაიმედებულხარ?
- 25განა შენი უფლის ნებით არ მოვედი ამ ადგილის გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: წადი იმ ქვეყანაში და გაანადგურე”.
- 26უთხრეს ელიაკიმ ხილკიაჰუს ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: "გთხოვთ, არამის ენაზე გველაპარაკე შენს მსახურთ, რადგან შეგვიძლია გაგება; ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად”.
- 27უთხრა მათ რაბშაკემ: "განა, მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვათა სათქმელად? განა გალავანზე მსხდომ კაცებთან არა, რათა მტრედების სკლინტს ჭამდნენ და თავის შარდს სვამდნენ თქვენთან ერთად?”
- 28ადგა რაბშაკე და დიდი ხმით წამოიძახა ებრაულად: "ისმინეთ დიადი მეფის, აშურის მეფის, სიტყვა!
- 29ასე ამბობს მეფე: ნუ გაცდუნებთ ხიზკიაჰუ, რადგან არ ძალუძს თქვენი ხსნა ჩემი ხელიდან;
- 30ნურც უფალზე დაგაიმედებინებთ თავს ხიზკიაჰუ, ამ სიტყვებით: უფალი გვიხსნის და არ ჩავარდება ეს ქალაქი აშურის მეფის ხელში.
- 31ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით, გადმოდით ჩემკენ და ჭამოს თითოეულმა თავისი ვაზიდან და ლეღვის ხიდან და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭიდან,
- 32სანამ მოვსულვარ და თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში წამიყვანიხართ, მარცვლეულისა და ღვინის, პურისა და ვაზის, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, რათა იცოცხლოთ და არ მოკვდეთ; ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, როცა გაქეზებთ: უფალი გვიხსნისო.
- 33განა ოდესმე დაიხსნა რომელიმე ღმერთმა თავისი მიწა აშურის მეფის ხელთაგან?
- 34სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენასა და ყივას ღმერთები? განა იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
- 35ამ ქვეყნის ყველა ღმერთთაგან, რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ შენმა უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემგან?!”
- 36დადუმებული იყო ხალხი, სიტყვა არავის უთქვამს, რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: "არ უპასუხოთ”.
- 37მივიდნენ ხიზკიაჰუსთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიას ძე, შებნა მწიგნობარი და იოახ ასაფის ძე შემოგლეჯილი სამოსით და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.
იტვირთება შემდეგი თავი