4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ; მივიდა მასთან ესაია წინასწარმეტყველი, ძე ამოცისა, და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ”.
- 2გადაბრუნდა კედლისკენ ხიზკიაჰუ და ასე ილოცა უფლისადმი:
- 3"უფალო! ახლა გაიხსენე, როგორ ერთგულად და მთელი გულით დავდიოდი და კეთილად ვიქცეოდი შენ წინაშე”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
- 4ჯერ შუა ეზოდან არ გასულიყო ესაია, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა:
- 5"დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა, ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ უფლის ტაძარში მესამე დღეს.
- 6თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, გიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს; დავიცავ ამ ქალაქს ჩემთვის და ჩემი მსახური დავითისთვის”.
- 7თქვა ესაიამ: "აიღეთ ლეღვის ჩირი”. აიღეს, წყლულზე დაადეს და განიკურნა იგი.
- 8ჰკითხა ხიზკიაჰუმ ესაიას: "რა არის ნიშანი, რომ უფალი განმკურნავს და უფლის ტაძარში ავალ მესამე დღეს?”
- 9მიუგო ესაიამ: "ესაა შენთვის ნიშანი უფლისგან, რადგან აღასრულებს უფალი თავის ნათქვამს: ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი, თუ ათი საფეხურით უკან დაბრუნდეს?
- 10უპასუხა ხიზკიაჰუმ: "ადვილია აჩრდილის ათი საფეხურით წინ გადახრა; არა, ათი საფეხურით უკან მობრუნდეს ჩრდილი”.
- 11შეღაღადა ესაია წინასწარმეტყველმა უფალს და ათი საფეხურით უკან დააბრუნა ჩრდილი ახაზის გაკეთებულ მზის საათზე, როცა მასზე დაბლა ჩამოდიოდა.
- 12იმ დღეებში გაუგზავნა ბეროდახ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილები და ძღვენი ხიზკიაჰუს, რადგან შეიტყო, რომ სნეულად იყო იგი.
- 13მოუსმინა ხიზკიაჰუმ წარმოგზავნილთ და უჩვენა მათ საუნჯეთა სახლი: ვერცხლი და ოქრო, სურნელებანი და საცხებელი ზეთები, თავისი საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც საგანძურში მოეპოვებოდა; არაფერი დარჩენილა თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში, რაც არ უჩვენებია მათთვის ხიზკიაჰუს.
- 14მოვიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: "რას ამბობდნენ ეს კაცები და საიდან მოვიდნენ შენთან?" უპასუხა ხიზკიაჰუმ: "შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ".
- 15ჰკითხა ესაიამ: "რა იხილეს შენს სახლში?” მიუგო ხიზკიაჰუმ: "ყველაფერი იხილეს, რაც ჩემს სახლშია; არაფერი დარჩენილა, რომ არ მეჩვენებინოს ჩემს საგანძურში”.
- 16უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: "ისმინე უფლის სიტყვა:
- 17აჰა მოდის დღეები და ყოველივე, რაც შენს სახლშია და რაც შენმა მამებმა დააგროვეს დღემდე - ბაბილონს იქნება წაღებული, არაფერი დარჩება! - ამბობს უფალი.
- 18შენს ძეებსაც, რომლებიც შეგეძინება, წაიყვანენ და საჭურისებად დააყენებენ ბაბილონის მეფის სასახლეში”.
- 19მიუგო ხიზკიაჰუმ ესაიას: "კეთილია უფლის სიტყვა, რომელიც წარმოთქვი”. თან დასძინა: "რადგან მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ჩემს დღეებში!”
- 20ხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი გმირობანი, წყალი რომ გაიყვანა ქალაქში, წყალსატევი და არხი რომ ააშენა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 21განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, მენაშე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი