4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1თორმეტი წლის იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა.
- 2ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში იმ ერების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც უფალმა განდევნა ისრაელის ძეთაგან.
- 3კვლავ ააშენა ხიზკიაჰუს, მამამისის მიერ დანგრეული მაღლობები; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს და გააკეთა აშერი, როგორც ახაბს, ისრაელის მეფეს ჰქონდა გაკეთებული; მთელ ციურ მხედრობას ეთაყვანებოდა და ემსახურებოდა.
- 4ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: "იერუსალიმში იქნება ჩემი სახელი”.
- 5მთელ ციურ მხედრობას სამსხვერპლოები აუშენა უფლის სახლის ორივე ეზოში.
- 6ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟი, მისნობდა და სულთა მხმობელნი განაწესა. ბევრ ბოროტებას აკეთებდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.
- 7გამოაქანდაკა აშერის კერპი და დადგა სახლში, რომელზეც უთხრა უფალმა დავითს და მის ძეს, სოლომონს: "ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა ტომიდან, საუკუნოდ დავდებ ჩემს სახელს;
- 8აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მათ მამებს, ოღონდ მოიქცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, იმ რჯულის თანახმად, მოსემ ჩემმა მსახურმა რომ ამცნო მათ”.
- 9მაგრამ არ ისმინეს; აცდუნა ისინი მენაშემ და იმ ერებზე დიდ ბოროტებას სჩადიოდნენ, რომლებიც მოსპო უფალმა ისრაელის ძეთაგან.
- 10ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით:
- 11"რადგან ეს სიბილწენი ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ და გადააჭარბა ბოროტებაში ამორეველთ, მასზე უწინ რომ იყვნენ და იუდაც აცდუნა თავისი კერპებით,
- 12ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორივე ყური შეერხევა ამის გამგონეს.
- 13სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე; ისე ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი - ამორეცხავს და ამოაპირქვავებს;
- 14მივატოვებ ჩემი სამკვიდრებლის ნარჩენს, მტრებს ჩავუგდებ ხელში და ნადავლად და დასატაცებლად შეიქნებიან მათი მტრებისთვის.
- 15რადგან ბოროტად იქცეოდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ იმ დღიდან მოყოლებული, რაც მათი მამები გამოვიდნენ ეგვიპტიდან.
- 16უდანაშაულო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ვიდრე არ აღავსო იერუსალიმი პირთამდე, გარდა იმ ცოდვისა, იუდას რომ აცოდვინა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა”.
- 17მენაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან მოიმოქმედა, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
- 18განისვენა მენაშემ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი სახლის ბაღში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.
- 19ოცდაორი წლის იყო ამონი როცა გამეფდა და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო მეშულემეთი, ხარუცის ასული, იატბადან.
- 20ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე.
- 21ყველა ის გზა მოსინჯა, რომლითაც მამამისი დადიოდა; ემსახურებოდა და ეთაყვანებოდა კერპებს, რომლებსაც მამამისი ემსახურებოდა;
- 22მიატოვა უფალი, თავისი მამების ღმერთი და უფლის გზით არ დადიოდა.
- 23აჯანყდნენ ამონის მსახურები მის წინააღმდეგ და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე,
- 24მაგრამ დახოცა ქვეყნის ხალხმა ამონ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულნი და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა.
- 25ამონის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
- 26დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი