4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1რვა წლის იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იედიდა, ადაიას ასული, ბაცეკათიდან.
- 2სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დადიოდა მამამისის, დავითის გზით, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
- 3გამეფებიდან მეთვრამეტე წელს ამ დავალებით გაგზავნა მეფე იოშიამ უფლის ტაძარში შაფანი, აცალიაჰუს ძე, მეშულამ მწიგნობრის შთამომავალი:
- 4„ადი მღვდელმთავარ ხილკიასთან და გადათვალოს უფლის ტაძარში შეწირული ფული, რომელიც ხალხისგან შეაგროვეს კარიბჭის მცველებმა.
- 5გადასცენ მოხელეებს, უფლის სახლის მეთვალყურეებს; მათ კი უფლის ტაძარში მომუშავეებს მისცენ ტაძრის შესაკეთებლად:
- 6ხუროებს, მშენებლებსა და კალატოზებს - ხისა და თლილი ქვების საყიდლად, რათა შეკეთდეს სახლი”.
- 7ოღონდ ანგარიშს ნუ მოსთხოვენ მათ, ვისაც ფულს ხელში მისცემენ, რადგან ყოველივეს ერთგულად აკეთებენ ისინი”.
- 8უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში”. მისცა ხილკიამ შაფანს წიგნი და წაიკითხა მან.
- 9მივიდა შაფან მწიგნობარი მეფესთან და მოახსენა: „წამოყარეს შენმა მსახურებმა ფული, რომელიც ტაძარში იყო და უფლის სახლში განწესებულ მოხელეებს გადასცეს”.
- 10აუწყა შაფან მწიგნობარმა მეფეს: „წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა”. წაიკითხა შაფანმა მეფის თანდასწრებით.
- 11მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები და სამოსელი შემოიხია.
- 12ასე უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, აქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწიგნობარს და ასაიას, მეფის მსახურს:
- 13„წადით, ჰკითხეთ უფალს ჩემთვის, ჩემი ხალხისა და მთელი იუდასთვის ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო, რადგან დიდი რისხვა აღენთო უფალს ჩვენზე, ვინაიდან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები, რათა ყოველივე ისე აღესრულებინათ, როგორც დაწერილია”.
- 14წავიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, აქბორი, შაფანი და ასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომელიც თიკვას შვილიშვილის, სამოსელთა მცველის, შალუმ ხარხასის ძის ცოლი იყო და იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა; ელაპარაკნენ.
- 15უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით კაცს, რომელმაც ჩემთან მოგავლინათ,
- 16ასე ამბობს-თქო უფალი: მე მოვავლენ ბოროტს ამ ადგილსა და მის მცხოვრებლებზე, ავასრულებ წიგნის ყოველ სიტყვას, რომელიც წაიკითხა იუდას მეფემ,
- 17რადგან მიმატოვეს და უცხო ღმერთებს უკმევდნენ, რათა განმარისხონ თავიანთი საქმიანობით; ანთებულია ჩემი გულისწყრომა ამ ადგილზე და არ ჩაქრება!
- 18ასე უთხარით იუდას მეფეს, უფალთან დასაკითხად თქვენს მომავლინებელს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმ სიტყვებზე, რომლებიც ისმინე:
- 19რადგან მოლბა შენი გული და მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც ამ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე მაქვს ნათქვამი, რომ გაუდაბურდებიან და დაიწყევლებიან ისინი, შემოიხიე სამოსელი და მოსთქვამდი ჩემ წინაშე, მეც ამიტომ გისმინე, ბრძანებს უფალი.
- 20აჰა, ამიტომაც წაგიყვან შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ საფლავში და არ იხილავს შენი თვალი ყველა იმ ბოროტებას, რომელსაც ამ ადგილს მოვუვლენ!” გადასცეს მეფეს ეს სიტყვები.
იტვირთება შემდეგი თავი