4 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    იორამ ახაბის ძე, გამეფდა ისრაელზე სამარიაში, იუდას მეფის, იოშაფატის მეთვრამეტე წელს და თორმეტ წელიწადს იმეფა.
  2. 2
    ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით; მან მოაშორა ბაყალის სვეტი, რომელიც მამამისმა აღმართა.
  3. 3
    თუმცა მიეწება და არ განშორებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც ცოდვაში ჩააგდო ისრაელი.
  4. 4
    მეშაყი, მოაბის მეფე, ცხვარს ამრავლებდა და ისრაელის მეფეს ასი ათას ცხვარსა და ასი ათას გაუპარსავ ვერძს უგზავნიდა.
  5. 5
    ახაბის სიკვდილის შემდეგ იყო, რომ აუმხედრდა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.
  6. 6
    გამოვიდა მეფე იორამი იმ ხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი.
  7. 7
    წავიდა და გაგზავნა იოშაფატთან, იუდას მეფესთან, ამ სიტყვებით: "მოაბის მეფე ამიმხედრდა. ხომ არ წამომყვები მოაბის წინააღმდეგ საბრძოლველად?” უპასუხა: "წამოვალ! რამ გაგვყო მე და შენ, ჩემი ხალხი შენი ხალხია, ჩემი ცხენები - შენი ცხენები”.
  8. 8
    ჰკითხა იორამმა: "რომელი გზით წავიდეთ?” უპასუხა: "ედომის უდაბნოს გზით”.
  9. 9
    წავიდნენ ისრაელის, იუდასა და ედომის მეფენი, შვიდ დღეს იარეს და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისა და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ.
  10. 10
    თქვა ისრაელის მეფემ: "აჰა, შეგვყარა უფალმა სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში!”
  11. 11
    იკითხა იოშაფატმა: "არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ მისი მეშვეობით უფალს დავეკითხოთ?” მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა: "არის აქ ელისე, შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელებზე”.
  12. 12
    თქვა იოშაფატმა: "უფლის სიტყვაა მასთან”. მიაკითხეს ისრაელის მეფემ, იოშაფატმა და ედომის მეფემ.
  13. 13
    უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: "რა საქმე მაქვს შენთან? მამაშენისა და დედაშენის წინასწარმეტყველებთან წადი”. მიუგო ისრაელის მეფემ: "არა, რადგან მოაბის ხელში ჩასაგდებად შეგვყარა უფალმა ეს სამი მეფე”.
  14. 14
    თქვა ელისემ: "ცოცხალია ცაბაოთ უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, იოშაფატს, იუდას მეფეს რომ არ ვცემდე პატივს.
  15. 15
    ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე”. როცა მეჩანგე უკრავდა, უფლის ხელი იყო ელისეზე.
  16. 16
    თქვა: "ასე ამბობს უფალი: თხრილები გათხარეთ ამ ხევში,
  17. 17
    რადგან ასე ამბობს უფალი: ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი, თქვენც სვით და თქვენმა საქონელმაც და პირუტყვმაც.
  18. 18
    იოლი საქმეა ეს უფლის თვალში; მოაბსაც ჩაგიგდებთ ხელში.
  19. 19
    ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს შემუსრავთ, ყველა საუკეთესო ხეს დასცემთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ და საუკეთესო მიწას ქვებით აავსებთ”.
  20. 20
    და იყო, დილით, მსხვერპლის მიტანისას, აჰა, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე; და წყლით აივსო ქვეყანა.
  21. 21
    გაიგო მთელმა მოაბმა, რომ მეფეები წამოვიდნენ მათთან საომრად. ყველა სარტყლის მატარებელმა მოიყარა თავი, დიდმა და პატარამ და საზღვართან დადგნენ.
  22. 22
    ადგნენ დილაადრიან და როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ.
  23. 23
    თქვეს: "ეს სისხლია! უსათუოდ, შუღლი ჩამოვარდნილა მეფეებში და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია ნადავლი, მოაბ!”
  24. 24
    მიადგნენ ისრაელის ბანაკს. შეუტია ისრაელმა, დაჰკრა მოაბს და უკუაქცია. დაედევნა და მუსრი გაავლო მოაბს.
  25. 25
    ქალაქები დაანგრიეს, საუკეთესო მინდვრებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვებით აავსეს, ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, მხოლოდ კირ-ხარათესის ქვის გალავანი გადარჩა და იმასაც მეშურდულეები შემოადგნენ და დააქციეს.
  26. 26
    დაინახა მოაბის მეფემ, რომ მარცხდებოდა ბრძოლაში; გაიყოლა შვიდასი კაცი, მახვილის ამომღები, შეეცადა ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლო.
  27. 27
    მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. ძლიერ შეაძრწუნა ამან ისრაელი;* მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.
იტვირთება შემდეგი თავი